„მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გააქტიურებულია ყველა ფორმატი.
„რუსეთი მრავალი წელია, აქტიურია ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ახალი ღობეების თუ კონსტრუქციების გავლება ეტაპობრივად მათი მხრიდან ხან როდის ხდება, ხან როდის. ეს არ არის ახალი ამბავი. ეს არის მისი მიზანმიმართული საოკუპაციო პოლიტიკის გამოხატულება და პირდაპირი შედეგია თუნდაც ატოცში ამგვარი საქმიანობის კანონსაწინააღმდეგო და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო საქმიანობის, ეს თუნდაც 2008 წლის ომის პირდაპირი შედეგია.
ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირებთ მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ პოლიტიკას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, ვებრძვით რა ოკუპაციას. ამ ქვეყანაში არავის აქვს უფლება, დაგვავიწყდეს, რომ საოკუპაციო ხაზთან, ამ სოფლებში ცხოვრობს მშვიდობიანი მოსახლეობა. მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხდება ჩვენი სამართალდამცავების მხრიდან და გააქტიურებულია ყველა ფორმატი. რთული პრობლემაა, ტრაგედიაა. ჩვენს ქვეყანაში არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც ოკუპაცია ჰქვია, ამიტომაც მოგვეთხოვება მაღალი ხარისხის სერიოზულობა, თანმიმდევრულობა და რაც მთავარია პასუხისმგებლობა, რომ ვებრძოლოთ ოკუპაციას, სანამ არ მივაღწევთ დეოკუპაციას და ეს გავაკეთოთ ისე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ აღმოჩნდეს რაიმე ტიპის რისკის ქვეშ და რაიმე ტიპის პროვოკაციის მსხვერპლი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.