logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს მადლობას ვუხდი იმ მისიისთვის, რასაც ქვეყანა ახორციელებს
- +

28 ოქტომბერი. 2019. 13:19

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს მარინა კარობიო გუშეტსა და ოფიციალური დელეგაციის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ბრიფინგი გამართეს.

 

არჩილ თალაკვაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც შვეიცარია ახორციელებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

 

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობაზე: პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურის სფეროებში და იმ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. საქართველო სულ უფრო მეტად და ხშირად არის ის ადგილი, სადაც შვეიცარიის მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებას გაატარონ თავიანთი თავისუფალი დრო, ჩამოვიდნენ ოჯახებთან ერთად. საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ის ქვეყანა, სადაც შვეიცარიელი ბიზნესმენები, ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თავისი ინვესტიციები ჩადონ. ეს მიუთითებს, რომ ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენ მოქალაქეებს შორის იზრდება. შვეიცარიასთან ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც ასევე ხელს უწყობს ამ ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სპიკერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო იმ მნიშვნელოვანი მისიისთვის, რასაც შვეიცარია ახორციელებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას. ჩვენ, რა თქმა უნდა, მტკიცედ გვჯერა, რომ დიპლომატიის გამოყენებით მშვიდობიანი განვითარების გზით, იმ პირობებში როდესაც საქართველო აძლიერებს დემოკრატიას, აძლიერებს თავის ეკონომიკისას და იღებს კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას თავისი პარტნიორებისგან, მომავალში შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ჩემ კოლეგას გავაცანი მიმდინარე ძირითადი პოლიტიკური პროცესები, ვესაუბრე რეფორმებზე, რომელზეც პარლამენტი ახლა მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ პარლამენტი იძენს დიდ მნიშვნელობას, ის ხდება არა მხოლოდ კანონშემოქმედებითი, არამედ მაკონტროლებელი და ზედამხედველი ორგანო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია გაეცნობა მათ მიერ დაფინანსებულ ეკონომიკურ პროექტებს მარნეულში რუსთავსა და თბილისში. აგრეთვე, დღესვე დელეგაციის წევრები დაესწრებიან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს ახალი შენობას გახსნას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner