logo_geo
eng_logo
კახა კალაძე დაზარალებულებს შეხვდა: ''ცენტრ პოინტი'' დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის
- +

28 ოქტომბერი. 2019. 21:05

 

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა და წლობით შეჩერებული მშენებლობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. 

 

როგორც მერი აცხადებს, „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია დედაქალაქისთვის, მისი იერ-სახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის ათასობით დაზარალებული ოჯახის პრობლემა, შესაბამისად, თბილისის მერიისა და „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო.  


„თქვენ იცით, ჩვენი პრიორიტეტია წლობით შეჩერებული მშენებლობების დასრულება და ამ მიმართულებით მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. „ცენტრ პოინტის“ პრობლემა დიდი თავის ტკივილია ჩვენი დედაქალაქისთვის, მისი იერსახისთვის, თუმცა, პირველ რიგში, ეს არის პრობლემა, რომლის უკან დგახართ თქვენ, დაზარალებული მოქალაქეები, ათასობით ოჯახი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით მორიგ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თბილისის მერიისა და "ცენტრ პოინტის" დაზარალებულთა ინტერესი არის საერთო. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ეტაპზეა პროცესი. ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და რჩეულიშვილების ოჯახთან. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რასაც მივიღებთ, თქვენთან იქნება შეთანხმებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრები უკვე, თვენახევარია მიმდინარეობს და წლის ბოლოს მზად იქნება პრობლემის გადაჭრის გეგმა.

 

„პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს ამ ფორმატში დაზარალებულებს მერი შეხვდა. შევაჯამეთ ის სამუშაოები, რომელიც ამ საინიციატივო ჯგუფმა გაწია. გვაქვს კონკრეტული გეგმები და მიზნები, რასაც ჯგუფს ვუთანხმებთ. კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით იმ სტრატეგიაზე, რომლითაც კომპანიების მოზიდვა უნდა განხორციელდეს. იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე, გარკვეული ვალდებულებების დონეზე გვექნება ძალიან გამოკვეთილი სურათი, თუ როგორ მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში ჩართულია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებულები. ყოველი ნაბიჯი იქნება მათთან შეთანხმებული“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

შეხვედრას საკრებულოს წევრები ბექა დავითულიანი და ირაკლი ზარქუა ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner