logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: ელჩობის კანდიდატის განცხადება ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში იყო
- +

30 ოქტომბერი. 2019. 16:05

 

„ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის განცხადება ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში იყო, არ ვიცი, ოპოზიციამ მასში რა ამოიკითხა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, ყველა გზავნილი, რომელიც კომიტეტზე გამოითქვა, საქართველოს მიმართ  აშშ-ის ოფიციალური პოზიცია იყო.

 

„არ ვიცი, ოპოზიციამ რა ამოიკითხა და როგორ. გამოსვლასა და განხილვის პროცესს მე ყურადღებით ვადევნებდი თვალს. მიხარია და კარგია, რომ ეს განხილვა ჩაინიშნა. რა თქმა უნდა, ყველა გზავნილი, რომელიც გამოითქვა, იყო აშშ-ის ოფიციალური პოზიცია საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ეს იყო საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და საუბარი იყო როგორც ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენ წინაშე არის.

 

ოპოზიცია ცდილობს, ისეთი დაინახონ და ამოიკითხონ ამ განცხადებებში, რაც არ ყოფილა, ამიტომ ცოტა რთულია ასეთზე კომენტარის გაკეთება. ყველა საკითხზე, რაზეც განხილვის დროს იყო საუბარი, საქართველო წლებია, მუშაობს აშშ-ის სხვადასხვა პროგრამასთან ერთად როგორც მართლმსაჯულების მიმართულებით, ასევე ზოგადად მმართველობის ფორმებისა და ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით, ამიტომ ამ საკითხების აღნიშვნაში ბუნებრივია, გასაკვირი და უცნაური არაფერია. უცნაური ის იქნებოდა, ეს საკითხები რომ არ ყოფილიყო ხაზგასმული, რადგან ეს ის მიმართულებებია, სადაც ამერიკის მთავრობა დახმარებას გვიწევს, ინვესტიციას ახორციელებს საქართველოში. ელჩობის კანდიდატის განცხადება იყო ამერიკის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში. გამოყოფილი იყო როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების თემები, ასევე საკითხები, რაზეც ეკონომიკის გაძლიერების კუთხით ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ უკვე ათწლეულზე მეტია.

 

ზოგადად, საპარლამენტო არჩევნები მომავალ წელს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იქნება, ეს არ არის სიახლე არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ყველამ ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის წინ. ჩვენი პარტნიორები ჩართული არიან ამ პროცესში, ერთად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე. ეს საკითხი რომ არ ყოფილიყო ნახსენები, ეს უფრო უცნაური იქნებოდა, ვიდრე ის, რა განცხადებაც გუშინ გაკეთდა. ჩემთვის მისასალმებელი იყო ყველა კომენტარი და წინადადება, რომელიც როგორც სენატორებმა, ასევე ელჩმა ხაზი გაუსვეს. იყო თემები, რაც იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური, რომ გამოითქმებოდა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილ კელი დეგნანს გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე მოუსმინეს. სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ელჩობის კანდიდატმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ქვეყანაში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.

 

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებასა და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner