logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტს შევთავაზეთ, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს რისკ-ფაქტორები
- +

31 ოქტომბერი. 2019. 13:10

 

 

„პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ-ფაქტორები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ მის ქცევას საზოგადოებაში და მის ინტეგრაციას“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს შეწყალების აქტთან დაკავშირებით რეკომენდაციის თხოვნით მიმართა.

 

ოხანაშვილის ინფორმაციით, პარლამენტმა კონსულტაციების შედეგად შემუშავებული მოსაზრებები და რეკომენდაციები პრეზიდენტს წარუდგინა. მისივე თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტმა არ უნდა შეიწყალოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულები და ძებნილი პირები.

 

„პრეზიდენტს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ-ფაქტორები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტულ მსჯავრდებულს, შეწყალების შემდგომ მის ქცევას საზოგადოებაში და მის ინტეგრაციას. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რაც შეიძლება დაბალი რისკის მატარებელი ადამიანის შეწყალება, რომელიც საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრირებას მოახდენს და არ შექმნის დამატებით რისკებს. გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც მართლმსაჯულებას გაურბიან და არც ერთი დღე არ უგრძვიათ იმ დანაშაულზე პასუხისმგებლობა, რის გამოც მსჯავრდებულად იქნენ ცნობილი და არიან ძებნაში, არ არის მიზანშეწონილი ასეთი პირების შეწყალება, სწორედ დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე. ის დანაშაული, ხარისხი და მოტივი, რომელიც მსჯავრდებულმა გამოავლინა კონკრეტული ქმედების დროს, მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული და შესწავლილი. ასევე, არა მხოლოდ პოლიციელის, არამედ მოსამართლის, პროკურორის და სხვა მომეტებული რისკის პროფესიის მქონე (რაც უკავშირდება კრიმინალთან ბრძოლას, სხვისი სიცოცხლის დაცვას და ა. შ.) ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის მსჯავრდებული ადამიანების შეწყალება მაქსიმალურად უნდა იქნას გამორიცხული. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, არასრულწლოვანთან მიმართებაში, წამება და ა. შ. არის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და მაქსიმალურად გაფილტრულად, მაქსიმალურად ნაკლებად უნდა მოხდეს მსგავსი კატეგორიის მსჯავრდებული პირების შეწყალება,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული მოსაზრებები პრეზიდენტს მის ექსკლუზიურ უფლებას არ უზღუდავს და მათ მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, საბოლოო გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

 

„ეს არ არის ფორმა, რომელიც პრეზიდენტს მის ექსკლუზიურ უფლებაში შეზღუდავს, თუმცა ეს იქნება უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე. საზოგადოების აღქმა უნდა იყოს, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი და შეწყალებული პირი იმსახურებდა მას.

 

პრეზიდენტმა გვთხოვა კონსულტაციის გაწევა ამ მიმართულებით. ჩვენ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ და ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ მას. ეს არის მხოლოდ კონსულტაცია სახელმძღვანელო პრინციპებთან დაკავშირებით. რას გაიზიარებს და როგორ, ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი, რაც აისახება პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში. ვფიქრობ, პრეზიდენტს ძალიან კარგი მიმღებლობა ჰქონდა ამ საკითხებისადმი და საბოლოოდ, იგი უზრუნველყოფს საკითხების ისე დარეგულირებას, რომ ეს იქნება დაბალანსებული და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner