ჟურნალისტი ნელიკო ვარდიაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს და დღევანდელობასთან პარალელს ავლებს:
„ძალიან ადვილი გახდა ვენმეისტის იარლიყის მიწებება. მერე იმართლოს თავი, მიწებებული სახელი თან სდევს ყველგან და ყოველთვის.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზოგჯერ მიწევს ხელისუფლების გაკრიტიკება, რის შემდგომაც, ზოგიერთი კოჰაბიტირებული, ყოფილი ნაცი თუ ხელისუფლების მომხრე დაუფიქრებლად ამბობს ჩემზე ან წერს, ეგ ნაციონალიაო. ასეთ დროს გულში მწარედ მეღიმება და მახსენდება დრო, როცა მე და ჩემი მეგობრები, სწორედ ანტინაცობის გამო, შიშის ქვეშ ვცხოვრობდით, ვიდევნებოდით, ვიწამლებოდით, მაგრამ მაინც არ ვჩუმდებოდით, არავის ვურიგდებოდით და გულშიც არ ვივლებდით ღალატს არაფრის ფასად.
გუშინ სტატუსი დავწერე 2007 წლის 7 ნოემბერზე და მეგობარმა, რომელთან ერთადაც ამ დღის ქარცეცხლმა გადაიარა ჩემს თავზე, მომწერა, რა დაგემართა, დაივიწყე ეგ შვიდი ნოემბერიო.
როგორ უნდა დავივიწყო, როცა დღეს, ბევრი ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გვარბევდა, გვდევნიდა და აგენტებს გვეძახდა, ხელისუფლებაშია და ამჯერად სხვა პოზიციიდან აკეთებს საკუთარ საქმეს - ივსებს ჯიბეს და კიდევ ერთხელ ანადგურებს ქვეყანას?
როგორ უნდა დავივიწყო ის დღე, როცა მეგონა, რომ თუ სააკაშვილის რეჟიმი გადავარდებოდა, ჩემი ქვეყანა გაბრწყინებას დაიწყებდა?
როგორ დავივიწყო ის დღე, როცა ქვეყნის მდგომარეობა იქამდეა მისული, რომ 13 წლის მერეც, ხელისუფლებაში მოსვლას კვლავ მიშა აპირებს და ხალხსაც აწუხებს კითხვა: ოცნება თუ ნაცები?
როგორ უნდა დავივიწყო ის დღე, როცა ქვეყანა კვლავ უსამართლობის, ორმაგი სტანდარტის ბურუსშია გახვეული და გამოსავალს ხალხი ერთმანეთს ეკითხება?
როგორ უნდა დავივიწყო 7 ნოემბერი, როცა ვხედავ, როგორი ღორული მადა აქვთ ხელისუფლებაში, ხალხის სახელით მოსაუბრე, თითქოს ჩვენს მიერ არჩეულ ვიკინგებს? როგორი ადამიანები არიან დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში და ვინ სხედან სახლში, უსამსახუროდ? სად მიდის ხალხის ფული, სად უნდა მიდიოდეს, მაგრამ არ მიდის?
როგორ უნდა დავივიწყო ის დღე, როცა სოფელი სოფელს აღარ ჰგავს, მუნიციპალიტეტი მუნიციპალიტეტს, მერი მერს და ქალაქი ქალაქს?
როგორ დავივიწყო, როცა ხელისუფლებას ყველაფერი ისე აქვს მოწყობილი, ღარიბს ართმევს და მდიდარს აძლევს?“, - წერს ჟურნალისტი.
ვერ დავივიწყებ და მიდით, თუ გინდათ, მოაწყეთ კიდევ ერთი 7 ნოემბერი, იმასაც გადავიტანთ!