გიორგი ცუცქირიძე - გიორგი კაპანაძის მიზანი მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, "ქართუ" ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია დ საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაა
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს "მისი დამკვეთის - „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით", საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამის მიზანი "ქართუ" ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაციაა.
"გიორგი კაპანაძის ფეისბუქპოსტში მოყვანილი მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. რა თქმა უნდა მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, მისი მიზანია ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას" - წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
„რამდენიმე დღის წინ გამოვეხმაურე „ჟურნალისტ“ გიორგი კაპანაძის ფეისბუქ სტატუსს „ქართუ ბანკის“ „მევახშეობისა და კოლოსალური მოგების“ თემაზე. მაშინ ამ საკითხზე ზოგადად დავწერე რომ ,,ბანკი ქართუსთან“ დაკავშირებით მისი პოსტი არ შეესაბამება სიმართლეს და არის მტკნარი სიცრუე.
მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ცოტა უკმარისობის გრძნობა მქონდა. დეტალებში ვერ წავედი. საკითხის ირგვლივ უფრო მეტი და კონკრეტული ინფორმაციით დავინტერესდი, მითუმეტეს ინფორმაცია საჯაროა და ყველას შეუძლია მისი მოპოვება. ჩემმა მოკვლევამ იმდენად საინტრესო ციფრები აღმომაჩენინა, გადავწყიტე იგი თქვენც გაგიზიაროთ. მივყვეთ თანმიმდევრობით და პუნქტობრივად:
„ბანკი ქართუ“ დაფუძნებიდან 2011 წლამდე მართლაც დინამიურად ვითარდებოდა. ციფრები ასეთია:
ამასთან, გიორგი კაპანაძე არაფერს ამბობს 2012 წლის ფინანსურ ზარალზე.
ბანკის ბალანსებში არაორდინალური ფინანსური მაჩვენებლები (დინამიკა), 2011-2012 წლებში განაპირობა წინა ხელისუფლების მცდელობამ გაეკოტრებინა „ბანკი ქართუ“. გაგახსენებთ, რომ 2011 წელს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საგადასახადო ორგანოს იპოთეკა/გირავნობის უფლება გახდა ბანკის იპოთეკა/გირავნობაზე უპირატესი. საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ ბანკის რამოდენიმე უმსხვილესმა მსესხებელმა კომპანიებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დააკორექტირეს (გაზარდეს) საგადასახადო ვალდებულება და ხელოვნურად აღიარეს სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უპირატესად დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა. სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა და დაისაკუთრა ბანკის იპოთეკით/გირავნობით დატვირთული ქონებები, რის შედეგადაც გაუქმდა ბანკის იპოთეკა/გირავნობა. მოგვიანებით სახელმწიფომ დასაკუთრებული ქონებები სიმბოლურ ფასად გადასცა ფიქტიურ კომპანიებს (რეალურად კი - თავდაპირველ მესაკუთრეებს).
2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ დაიწყო გამოძიება ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე და ნებაყოფლობით, ეტაპობრივად განხორციელდა ჩამოწერილი სესხების და ბანკისთვის ჩამორთმეულ ქონებებზე იპოთეკა/გირავნობის უფლების აღდგენა.
ბანკმა გაკოტრების მცდელობის დროს, სესხების უზრუნველსაყოფად არსებული ქონებებზე იპოთეკა/გირავნობის გაუქმების გამო, მიიღო ჯამში დაახლოებით 135 მლნ ლარის ფინანსური ზარალი. შემდგომ წლებში, ამ სესხებზე იპოთეკის აღდგენასთან ერთად მოხდა ბანკის მოგებაში მოთხოვნების კვლავ ასახვა, რაც ბანკის ფინანსურ მონაცემებში ქმნის ახლად „წარმოქმნილი“ მოგების ეფექტს (განსაკუთრებით იმ წლებში როდესაც მოხდა დიდი ოდენობის სესხების და იპოთეკების აღდგენა - 2015-2018 წლებში).
ამგვარად, ბანკის მიმართ განხორციელებული გაკოტრების მცდელობის გამო, 2011-2017 წლების მონაცემები არ ქმნის რეალურ სურათს ბანკის მოგებაზე.
30/09/2019 წლის მდგომარეობით: ბანკის სააქციო კაპიტალი შეადგენს 200 454 525 ლარს, მთლიანი აქტივები - 1 232 870 952 ლარს, წმინდა მოგება - 18 894 816 ლარს, ხოლო ბანკის წილი საბანკო ბაზარზე – 2,69%-ს.
რომელ „მზარდი მევახშეობის ინსტიტუტზეა“ საუბარი. ჩაიხედეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში. აქტივების მიხედვით ბანკი ქართუს წილი ქართულ საბანკო ბაზარზე 2,69%-ს შეადგენს.
ასევე, გაუგებარია რატომ ადარებს გიორგი კაპანაძე 2019 წლის მეორე კვარტლის მოგებას 2018 წლის მე-2 კვარტლის დასაკუთრებულ ქონებას (ეს ის მაჩვენებლებია, რომლებიც ერთმანეთთან არ დარდება).
რაც შეეხება გ. კაპანაძის მიერ მოყვანილი დასაკუთრებული ქონების მოცულობას, 2016-2018 წლებში, სესხის დაუფარავობის გამო, ბანკი იძულებული გახდა დაესაკუთრებინა გაკოტრების მცდელობის შემდგომ აღდგენილი სესხების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონებების ნაწილი.
სს „ბანკი ქართუს“ დასაკუთრებული ქონების წმინდა საბალანსო ღირებულებამ 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით 24 352 452 ლარი შეადგინა, მათ შორის ბანკის გაკოტრების მცდელობის საქმიდან 2 უმსხვილესი მსესხებელი ჯგუფის დასაკუთრებულ ქონებაზე მოდის 80%-ზე მეტი:
1) თბილისი, ვეკუას ქუჩა #3, ე.წ. „პირიმზეს“ შენობა;
2) თბილისი, სოფ. დიდი ლილო, ქარხანა „ინტერპლასტი“.
ამასთან, მორიგი სიცრუეა პოსტის ნაწილი ბიზნესების წართმევასთან დაკავშირებით. დეტალურად მოვიძიე ეს ინფორმაციაც. ბანკის არსებობის მანძილზე, არცერთ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
კონკრეტული კვარტლების მონაცემების შედარებით გიორგი კაპანაძეს საზოგადოება შეცდომაში შეყავს. სინამდვილეში, პოსტის ავტორის მიერ მოყვანილი კვარტლების მონაცემებს შორის სხვაობა გამოწვეულია გაკოტრების სქემაში მონაწილე კომპანიების სესხების და მათი უზრუნველყოფის საგნების ნაწილის აღდგენით. ამასთან, 2015 და 2014 წლების მთლიანი შედეგების შედარებისას ვიღებთ მკვეთრად განსხვავებულ სურათს - ბანკის მოგება 2015 წელს გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 1,28-ჯერ და არა „17-ჯერ“!
ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებთ, გიორგი კაპანაძის ფეისბუქპოსტში მოყვანილი მონაცემები არ შეესაბამება რეალურ ვითარებას. რა თქმა უნდა მისი დამკვეთის - „ნაცმოძრაობის“ დავალებით, მისი მიზანია ბანკის და მისი დამფუძნებლის დისკრედიტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას", - წერს გიორგი ცუცქირიძე.