რამდენად რეალურია საოკუპაციო ხაზთა შექმნილი სიტუაციის პარალელურად შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე. ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტები ტექნიკით და სამხედრრო ავტომობილებით გადაადგილდებიან. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ე.წ საზღვარზე კრიზისი ღრმავდება და არსებობს შეიარაღებული შეტაკების საფრთხე. ამის შესახებ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. КГБ-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბიაზროვამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს „საშიში ტენდენცია“, რომელიც უკავშირდება „ოპერატიული სიტუაციის მკვეთრ ცვლილებას წნელისის ტერიტორიაზე. კერძოდ, ესაა საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ იარაღის არაგონივრული გამოყენება, სხვადასხვა უპილოტო საფრენი აპარატებით დაზვერვის წარმოება და საზღვრისპირა მოსახლეობაზე ზეწოლის მოხდენა, ე.წ სამხრეთ ოსეთის მისამართით უსაფუძვლო და პროვოკაციული ბრალდებების წამოყენების მიზნით, ასევე საქართველოს მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების სისტემატური დეზინფორმაცია“, - ამბობს ბიაზროვამა.
დე ფაქტო უწყების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი კოდას დასახლებულ პუნქტთან 8 ნოემბერს, დილის 5:30 საათზე გამოჩნდა და გარკვეული პერიოდი გაჩერებული იყო საზღვრის გასწვრივ, შემდეგ კი სოფელ აბანოს მიმართულებით გაფრინდა.
საოკუპაციო რეჟიმი „წნელისის კრიზისის“ ინსპირირებაში საქართველოს სპეცსამსახურებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ "განსაკუთრებულ გაკვირვებას იწვევს ევროკავშირის დამკვირვებლების პოზიცია, რომლებიც თბილისის რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებს არა მარტო არ აკონტროლებენ, არამედ შემრიგებლური პოზიცია აქვთ მათ პროვოკაციულ და დესტრუქციულ ქმედებებთან, რომლებიც მიმართულია დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისკენ."
სოფელ ქვეშის მცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ ოკუპირებულ სოფელ არცევთან ახლოს ვენახები და ბაღები აქვთ. ბევრი მათგანი იქ მისვლას უკვე ვეღარც ახერხებს, რადგანაც მათი ინფორმაციით ოკუპანტები ამ ტერიტორიაზე უკვე დაბრკოლების გარეშე გადაადგილდებიან. ბაღებში მყოფ ადგილობრივებს იტაცებენ. ქვეშსა და არცევს შორის ზოგიერთ მონაკვეთზე მავთულხლართებია გავლებული, ზოგან კი გადასასვლელები საერთოდ უყურადღებოდაა მიტოვებული. პოლიციაც მხოლოდ სოფელში პატრულირებს და რა ხდება სოფლის განაპირას, არავინ იცის.
ამის პარალელურად, ახალგორში კი ე.წ ჩაკედილი საზღვრის გამო კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, ის ადგილობრივ საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გულის შეტევით დაიღუპა, რადგან ადგილზე ვერც კვალიფიციური დახმარება გაუწიეს და, ჩაკეტილი გზის გამო, ვერც თბილისში გადმოიყვანეს. ახლა წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა ნათესავებმა ისიც არ იციან, საოკუპაციო რეჟიმი მათ დაკრძალვაზე ახალგორში შეუშვებს თუ არა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ოკუპირებული შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებენ.
ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ შეიარაღებული დაპირისპირების საფრხე სეპარატისტული რეჟიმიდან მუდმივად არსებობს, რადგანაც მათ ჭკუა არასდროს მოეკითხებათ.
„საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, სეპარატისტებს რაღაც ფორმით პასუხი უნდა გასცეს, მაგრამ ამის საჭიროება მინიმუმამდე უნდა დავიდეს. ახლა საერთაშორისო ვითარება როგორც რეგიონში, ასევე რეგიონის გარეთ საკმაოდ რთულია და ჩვენი კონფლიქტში რაიმე სახით ჩართვა დაუშვებელია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესები არ უნდა დავიცვათ.
„სეპარატისტების ახლანდელი ქმედება რუსეთთან რამდენად შეთანხმებულია, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მათი აქტიურობა ჩანს. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაცია პატარაზეც რომ დაიძაბოს, რუსეთი ესევე ჩაერთვება. ახლა კრემლის ყურადღება ძირითადად ვიცით, რომ სირიისკენ არის მიმართული, მაგრამ ეს იმას არ გულისხმობს, რომ მათი ინტერესი სიტუაცია თუ გამწვავდა, საქართველო აღარ იქნება. მაინც მგონია, რომ ეს სეპარატისტული ხელისუფლების მცდელობებია, რომელიც აქედან რაღაც ხეირის ნახვას ცდილობს“, - აცხადებს კაკაჩია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ბორდერიზაცია დიდი ხანია დაიწყო და ამიტომ მაშინვე უნდა შექმნილიყო მთავრობაში სტრატეგია ამ პრობლემასთან გამკლავებას როგორ ვაპირებდით. ბორდერიზაციაზე ახლა პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია და მათ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ. მისივე თქმით, მსოფლიოში ახლა ჩვენთვის სასარგებლო კონიუქტურა შექმნილი არ არის და ყველა შემთხვევაში მაინც ჩვენ დავზარალდებით.