საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, პარლამენტის უმრავლესობის სხდომის მოწვევა მოითხოვა.
მისი თქმით, როცა უმრავლესობას დასთანხმდა, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, მაშინ დააყენა პირობა, რომ თვითმმართველობა რეალურად იქნებოდა თვითმმართველი და ძლიერი.
„ყველა განცხადება შეგიძლიათ ამოიღოთ სააგენტოებიდან. პირველი პირობადებული განცხადება იყო, როცა დაგთანხმდით უმრავლესობას, რომ 2024 წელს ყოფილიყო პროპორციული არჩევნები, მე ვაყენებდი პირობას, რომ თვითმმართველობა რეალურად იქნებოდა თვითმმართველი და ძლიერი. თქვენ მომეცით პირობა, რომ ეს ასე იქნებოდა. მეორე პირობადებული მოთხოვნა იყო ის, რომ 2020 წელს არ დადგებოდა მოთხოვნა იმისა, რომ ქვეყანა ნაჩქარევად არ გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე. დაირღვა პირობა, მაგრამ კომპრომისზე წამოვედი, რადგან თქვენგან იყო შემოთავაზებული, მოთხოვნა არასამთავრობოების, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აინტერესებს მაჟორიტარების გადაწყვეტილებები. კომპრომისი აქაც დაირღვა, თქვენ მომეცით პირობა რომ სტაბილურობის გარანტი იქნებოდა, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას, დავთმობდით და დათქმულზე ადრე გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე. მას შემდეგ ჩვენ მივიღეთ სამთვიანი არეული ქუჩა, მივიღეთ პატრიარქზე თავდასხმა და ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფას, ამიტომ ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას“, - განაცხადა ხუნდაძემ.
დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.