პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში, გასული წლების განმავლობაში და ბლოკები იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას.
"შევეცდები, წარმოგიდგინოთ ჩვენი პროექტის უპირატესობები იმ პროექტთან შედარებით, რომელიც იყო წარმოდგენილი მამუკა კაციტაძის მიერ. მანამდე, რამდენიმე პოლიტიკურ საკითხს შევეხები. ჯერ, თურმე, ჩაგდებას ვაპირებდით ამ პროექტის, მერე, თურმე, კი არ ვაგდებდით, დამადლება გვინდოდა და ამიტომ რაღაც ხდებოდა. ჯერ გაერკვიეთ რაში და როგორ იყო საქმე და ამის შემდეგ დაგვაბრალეთ რამე, თუ გინდათ რაიმეს დაბრალება. რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რომელიც არის პროექტებს შორის. ორი ძირითადი განსხვავებაა, ერთი უკავშირდება საარჩევნო ბლოკებს და მეორე უკავშირდება საარჩევნო ბარიერს. ბლოკებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი არგუმენტები. ჩვენ ვიცით, რომ ბლოკები საკმაოდ უარყოფითად გამოიყენებოდა, როგორც ნეგატიური ინსტრუმენტი ქართულ პოლიტიკაში გასული წლების განმავლობაში და ბლოკები იყო ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, რეალურად განვითარებულ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკური პროცესის ექსკლუზიური სუბიექტი უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როგორც ეს არის განვითარებულ, დასავლურ დემოკრატიებში.
"თქვენ თუ ნახავთ დასავლურ ევროპულ გამოცდილებას, ყველგან ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან პარტიები და არსად არ გვხვდება ბლოკების პრეცედენტი. ეს არის საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოშიც დავნერგოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკა. მე დაახლოებით, ათი წლის წინ ვამბობდი, რომ თუ ძალაში დარჩებოდა ბლოკის ინსტიტუტი, ამ შემთხვევაში, კიდევ დიდი ხნით გადავადდებოდა საქართველოში პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია და რასაც ვამბობდი ათი წლის წინ, ერთი ერთში ახდა. იგივე პროგნოზი შეგვიძლია, გავაკეთოთ შემდეგი ათი წლისთვისაც, თუ დარჩება ძალაში ბლოკის ინსტიტუტი. ძალიან მარტივი და ცხადია აქ ყველაფერი", - აცხადებს კობახიძე.
მისივე თქმით, საარჩევნო ბლოკები ხელს უშლის ქართული პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის გაუქმება იმისთვის, რომ არ შეფერხდეს პარტიული სისტემის განვითარება. გარდა ამისა, არის მთელი რიგი უარყოფითი ასპექტები, რომელიც დაკავშირებულია ბლოკის ინსტიტუტთან. ეს არის დაფინანსება.
კობახიძის ინფორმაციით, ფიქტიური პარტიები, დაფინანსების მოსაპოვებლად იყენებენ ბლოკის ინსტიტუტი, მანიპულაციებისთვის. შარშან, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო თერთმეტმა ფიქტიურმა პოლიტიკურმა პარტიამ.