„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადავდივართ მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე, ვინ არის პასუხისმგებელი ადამიანებთან, იქნება თუ არა გარანტირებული პოლიტიკური სტაბილურობა და მოხდება თუ არა მთავრობის ფორმირება უპრობლემოდ. ჩვენ ვნახეთ უახლოეს წარსულში, ევროპის განვითარებული სახელმწიფოები, რამდენი კრიზისი წამოვიდა, რამხელა პრობლემები აქვთ, მზად ვართ ჩვენ ამ ყველაფრისთვის“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.
მისი თქმით, როდესაც საუბარი იყო 2024 წელს სისტემის შეცვლაზე და პროპორციულზე გადასვლაზე, მაშინ ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ ხელისუფლებას თვითმმართველობების გაძლიერებაზე უნდა ეზრუნა. მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით, თვითმმართველობები ცენტრალურ პროექტებს მაჟორიტარების გარეშე პრაქტიკულად ვერ ახორციელებენ და სამინისტროებთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ძირითად კომუნიკაციის წყაროსაც სწორედ მაჟორიტარები წარმოადგენენ.
„ფიქრობთ თუ არა, რომ ამ სისტემას აქვს თავისი ხარვეზები? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ დროისთვის ჩვენ მზად ვართ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის? ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს თვითმმართელობა ისეა განვითარებული, რომ მაჟორიტარების გარეშე უპრობლემოდ გაგრძელდება ხალხის სამსახური და მომსახურება? ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება? თუ ასე ფიქრობთ, იქნებ ჩვენც არგუმენტირებულად გვიპასუხოთ, რომ ჩვენც ბოლომდე ვიყოთ დარწმუნებული იმ სიკეთეში, რაც შეიძლება პროპორციულმა სისტემამ მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.