logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: ამომრჩეველი გვეკითხება, პროპორციული სისტემა ხომ არ იქნება ტროას ცხენი "ნაციონალური მოძრაობისთვის"
- +

12 ნოემბერი. 2019. 22:43

 

 

პარლამენტის წევრი, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია ეჭვობს, რომ პროპორციულმა სისტემამ ერთგვარი ტროას ცხენის ფუნქცია არ შეასრულოს "ნაციონალური მოძრაობისთვის".  



როგორც დეპუტატი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პარლამენტში 27 მანდატს ფლობს და მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში, სავარაუდოდ, ამის ნახევარსაც ვერ აიღებს. თუ სისტემა შეიცვლება, პროპორციული სისტემის პირობებში, მას უჩნდება შანსი შეინარჩუნოს მანდატების ეს რაოდენობა, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხდება ამომრჩეველთა პოლარიზება და არის დიდი შანსი, მანდატების ეს რაოდენობა შეინარჩუნონ.

 

„ნამდვილად არის კითხვები, რომლებსაც აქვს ლეგიტიმური საფუძვლები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ჩვენი დიალოგი. თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით და ამ კონტექსტში მინდა კითხვა დაგისვათ. კითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს აწუხებთ და მათ აქვთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის", - აცხადებს მერაბ ქვარაია.

 

მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღება, მოქმედი პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო.



"ჩვენ მაშინ თავი შევიკავეთ 2020 წელს გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი იყო ის, რომ ჯერჯერობით მზად არ ვიყავით და გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი იყო ამისთვის საჭირო, იგივე თვითმმართველობების გაძლიერების თვალსაზრისით, დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, ქონებრივი, მიწის განკარგვის უფლებების, ფინანსური გაძლიერების, გარემოსდაცვითი თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. დეცენტრალიზაციის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების შემდეგ, უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის ამოვარდნა იქნებოდა ნაკლებად მტკივნეული. ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩემი ბიურო 3 წლის ანგარიშს აკეთებს და აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში 4 ათასზე მეტ ადამიანს მოვემსახურეთ, ასზე მეტი წინადადება, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივაც კი, დაფიქსირდა მოქალაქეების მხრიდან შემოსული. დღეს თუ გავაჩენთ ამ სიცარიელეს, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს და რით ვავსებთ ამ სიცარიელეს?“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner