თბილისში, ვეკუას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ხიზანიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ქვედა ფენებში ფაქტობრივად დასრულებულია. დარჩენილია 80-მეტრიანი მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა კომპანია მიწისქვეშა სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის ქვედა ფენების დაგება მომავალ კვირაში დაიწყება.
როგორც "რეპორტიორს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მთლიანად, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. პარალელურად, გაგრძელდება გამწვანების სამუშაოები, არსებული ელექტრობოძების ახლით ჩანაცვლება და LED სანათების დამონტაჟება. მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები, ასევე, ველობილიკები.
მათივე ინფორმაციით, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების კაპიტალურ განახლებას, წყლის, სანიაღვრე და წყალარინების ქსელის, ასევე ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობას ითვალისწინებდა, დასრულებულია.
გზის სავალ ნაწილზე, ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი. გარდა ამისა, დამონტაჟდება 22 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.