საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, 12-14 ნოემბერს სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან.
როგორც „რეპორტიორს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის, აქცენტი გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შემთხვევებზე.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას.
მხარეებმა ასევე განიხილეს 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისის პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხი.
ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს ლაშა დარსალიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
მუდმივმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სრული მხარდაჭერა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას.