logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანმა ლატვიაში შეხვედრები გამართა
- +

15 ნოემბერი. 2019. 10:48

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველ მოადგილე მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციასა და პენიტენციური სამსახურის ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, ასევე, მედიატორთა ასოციაციისა და ალიმენტის საგარანტიო ფონდის ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა.

 

ქართულმა დელეგაციამ ლატვიის სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან მოისმინა გადახდისუუნარობის ადგილობრივი მოდელის წარმატებებისა და ხარვეზების შესახებ, რაც ქართული მხარისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმის პარლამენტში წარდგენამდე. ლატვიაში გადახდისუუნარობის პროცესსა და შესაბამის ელექტრონულ სისტემას იუსტიციის სამინისტრო, სასამართლოები და სასამართლო ადმინისტრაცია ერთობლივად მართავენ, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის სერტიფიცირება და მისი საქმიანობის კონტროლი კი, იუსტიციის სამინისტროს ფუნქციაა.

 

მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მედიაციაზე, როგორც კომერციული და სხვა დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმზე. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს და საარბიტრაჟო ჰაბად და განაგრძობს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამ მიზნისაკენ.

 

განსაკუთრებით საინტერესო ქართული დელეგაციისთვის ალიმენტის საგარანტიო ფონდის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა იყო. ამ ფონდის ადმინისტრაცია ლატვიის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს და მის დაარსებას საფუძვლად ბავშვის ინტერესების დაცვა უდევს − სახელმწიფო ალიმენტის გადახდაში ეხმარება მშობელს, რომელსაც დროებითი პრობლემები შეექმნა ფინანსური კუთხით. პროცესში სახელმწიფოს ჩართულობის მიზანი ბავშვების ინტერესის დაცვაა.

 

ნარკოლოგიურ პენიტენციურ დაწესებულებაში ლატვიელმა პატიმრებმა ქართულ დელეგაციას სიურპრიზად საქართველოს ხელნაკეთი დროშა დაახვედრეს. ქართული მხარე გაეცნო ლატვიის პენიტენციურ სისტემაში დანაშაულის პრევენციისა და პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებს.

 

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების და მათ შორის, ლატვიის, გამოცდილება ამ მიმართულებით, განსაკუთრებით კი, დღეს, როდესაც ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.

 

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი ლატვიაში დღეს დასრულდა.

 

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner