„აქციებზე დგომას არ ვაპირებ, არ მგონია, რომ ქუჩის პროცესი ჯანსაღი და სწორია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროცესების ქუჩაში გადატანას არ ემხრობა, რადგან პოლიტიკური პროცესები პარლამენტიდან და პოლიტიკური ორგანოებიდან უნდა იმართებოდეს და არა ქუჩიდან.
მან ასევე ისაუბრა პარტიის დატოვების თაობაზეც და აღნიშნა, რომ ის თანამდებობებს დატოვებს პარტიაშიც და ყველა სამომავლო გეგმაზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ მაღალი თანამდებობები მიჭირავს. ვარ საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი და ორივე მმართველი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა. დავტოვებ ამ თანამდებობებსაც. დანარჩენი, თუ როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ ჩემს გუნდთან, ამაზე მოგვიანებით ჩამოვყალიბდები“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
კითხვაზე, რამდენად არის შანსი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის გარშემო პროცესები ისევ პარლამენტში დაბრუნდეს, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით „რაიმე საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის შანსები განულდა“.