მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში ოპონენტებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გერმანული მოდელის შეთავაზება იმის მანიშნებელია, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არ არის.
როგორც გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის მიზანია რევოლუციური სცენარის განვითარება, რადგან მათ არჩევნების, არც ერთი მოდელის პირობებში წარმატების შანსი არ აქვთ.
„შეთავაზება ამ სისტემის არის უკვე დადასტურება, შეფარული მიზანი იმისათვის, რათა რევოლუციური სცენარი განავითარონ და არანაირი დიალოგისთვის ესენი არ იყვნენ მზად. ყველა წინაპირობა არსებობდა იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა ჩამცხრალიყო და მოსულიყო წესრიგში. დღე არ გამოეტოვებინათ, რომ ეს სიტუაცია არ აეყირავებინათ. მე არა ვარ პარანოიდალური აზროვნების ადამიანი, მაგრამ ვუშვებ, რომ ამ თემას ავითარებდნენ იმიტომ, რომ არც გერმანულში, არც პროპორციულში, არც ავსტრალიურში არავითარი შანსი არ აქვთ წინ წასვლის, იმაზე მეტად, რაც აქვთ. მათ გააანალიზეს სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირებისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.