logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი:ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
- +

18 ნოემბერი. 2019. 10:23

 

ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკის შეფასებით, ნაცმოძრაობის და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს.

 

„ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება? რომ არ მივიღოთ ბიუჯეტი იმიტომ, რომ ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე, რომელიც ჩვენ შევადგინეთ მას მერე, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ამ ბიუჯეტის და იმ პროექტების ფონზე, რომლებსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, მითუმეტეს სტაბილურობის შენარჩუნების, მით უმეტეს, აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ იმ 9 წლის ფონზე, როდესაც ადამიანებმა გამოსცადეს სერიოზული რეპრესია, ამის ფონზე, ამათ  რასაკვირველია ძალიან პატარა შანსი აქვთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი მასშტაბური პროექტები შემოგვთავაზა - განათლების სისტემის სრული რეფორმა, ახალგაზრდებისათვის ესოდენ მისაღები სისტემის აწყობა და ამ სისტემის გარდა კონკრეტულად, მატერიალურად თვალხილული წარმატება გერმანულ განათლების სისტემასთან ზიარებისა. კიდევ - ქალაქების აღდგენა ფერფლიდან, მუცოს აღდგენა, სხვადასხვა კულტურული პროექტი.

 

 

 

მისივე თქმით, არ შეიძლება არაფერი ითქვას  ბიუჯეტზეც - მთავრობამ გამოძებნა საშუალება, რომ ძალიან ბევრი რესურსი გამოეყო სოციალურ თემებზე: მომავალი წლიდან მასწავლებლების დიდი ჯგუფი მიიღებს ღირსეულ ხელფასს, ასევე  პოლიციელები, ჯარისკაცები, ყველა ადამიანი, ვინც ემსახურება ჩვენს უსაფრთხოებას, იზრდება დაბალი რგოლის უზრუნველყოფა ფინანსურად, მატერიალურად და ამასთან ერთად, კიდევ უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. ამ ფონზე ცალკე აღსანიშნავია საქართველოს უსაფრთხოების თემა - უძლიერესი, ინტენსიური წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.

 

 

 

„ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა, იმის გამო რომ  იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რა საკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება და გაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე  5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

როგორც მან აღნიშნა,  შექმნილ მდგომარეობაში საჭიროა ისეთი ნაბიჯები გადაიდგას როგორიც სახელმწიფოს სჭირდება.

 

 

 

„არ არსებობს სახელმწიფოს იქით არაფერი - ეს არის ჩვენი ოჯახებიც, მომავალი თაობაც. არ მინდა პათეტიკურად გამოვიდე, მაგრამ რეალურად არ არსებობს არანაირი მიზეზი, რომ ჩვენ ოდნავ მაინც პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე ვფიქრობდეთ ისე, რომ არ ვიფიქროთ ქვეყანაზე, მაშინ რად უნდა ან იმ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თანხის დახარჯვა, თუ ამ ქვეყანაზე არ ფიქრობს? ან ბიუჯეტი რა საჭიროა? ბოლო-ბოლო მოკვდნენ ვინც მძიმე ავადმყოფია და არც ოპერაცია ეკუთვნის, ასე არ იყო? მთელი თანხა გადასროლილი იყო მშენებლობისკენ, კარგია, ზრდის მაჩვენებელი იყო, მაგრამ ხალხი გვაკლდებოდა. გაიხსენეთ დამოკიდებულება ხალხის მიმართ როგორი იყო, სააკაშვილმა როგორი სისტემა შექმნა და იმ გავრილოვის თემაზე აწყობილი პოლიტიკით როგორ უნდა რომ ქვეყანა დაანგრიოს, როდესაც გავრილოვი კი არა მთელი რუსეთი შემოიყვანა აგერ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში თავისი ტანკებით და ბეტეერებით, არ დაუჯერეს არც აშშ-ს, არც ევროკავშირს, არც საგზაო რუკას, არც ფინანსებს, არც პოლიტიკას  და გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო. ცუდია რომ ახალგაზრდებს რაღაც შეიძლება კიდევ მოატყუო, არც შარვალჩახდილი ქართველები ვარგანან, რომლებიც დგანან საოკუპაციო ხაზთან და მოწინააღმდეგეს აჩვენებენ ამას ყველაფერს, არ ვარგა ეს სისტემა. სისტემა ვარგა, როდესაც ადამიანები არიან პასუხისმგებლიანი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner