პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, დღევანდელი ქართული რეალობისათვის შერეული საარჩევნო სისტემა არის ყველაზე მისაღები, ვიდრე პროპორციული.
„ბოლო პერიოდში ევროპაში, ასევე ისრაელში განვითარებული მოვლენები, პროპორციული არჩევნების გამო თვეობით უმთავრობოდ დარჩენილი ევროპული ქვეყნები დადასტურებაა იმისა, რომ კრიზისი გარდუვალია ასეთი პარტნიორების, ოპოზიცია მყავს მხედველობაში, პირობებში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ბევრ ქვეყანაში შექმნა პრობლემა და შედეგად, იტალიელები დაბრუნდნენ ისევ შერეულ სისტემაზე. ისრაელში კრიზისი პროპორციული სისტემის გამოა, ამ სისტემამ მოლდოვაში, რომელიც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფის წევრია უკრაინასთან ერთად, კრიზისი მოიტანა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, არარეალურია ოპოზიციის მოთხოვნა გერმანულ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი, რომ არ შეესაბამება კონსტიტუციას, მეორეც, ამ მოდელით „დიდი აფიორის“ ჩატარება შეიძლება, რის საფუძველზე შეგიძლია მაჟორიტარულიც მოიგო და პროპორციულიც, გაცილებით მეტი ხალხი შემოიყვანო პარლამენტში და კიდევ მოიპოვო საკონსტიტუციო უმრავლესობაც.
„ეს ძალიან კარგად იცის ბოკერიამ, უსუფაშვილმა, მაგრამ შეთავაზება თვითონ ამ სისტემის არის დადასტურება უკვე, შეფარული მიზანი იმისათვის, რათა რევოლუციური სცენარი განავითარონ და არავითარი დიალოგისთვის ესენი არ იყვნენ მზად, არც პროპორციულზე. ამ თემას ავითარებდნენ იმისთვის, რომ არც პროპორციულში, არც შერეულში, არც გერმანულში თუ ავსტრალიურში, არანაირი შანსი არა აქვთ წინ წასვლის, იმაზე მეტად რაც აქვთ, იმაზე ნაკლები ექნება, სწორედაც მათ გაანალიზეს სიტუაცია და ყველაფერი გააკეთეს დაპირისპირებისთვის“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
გიორგი ვოლსკი ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციას მოუწოდებს დიალოგისაკენ, როგორც ამას ურჩევენ უცხოელი მეგობრებიც, მათ შორის, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც არის ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) შენიშვნები. მისივე თქმით, შექმნილია კომისიაც, რომელმაც უნდა განიხილოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები.
„არსებობს წინადადება გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ქაოსსა და არეულობას - უნდა შევიდეთ პარლამეტში, ვიმუშაოთ და ვისაც მუშაობა არ უნდა, იმათ თავისი სიმართლით თავის ქვეყნის წინაშე გააგრძელონ ცხოვრება. იმ ხალხს კი, ვინც აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ, ორჯერ, ათასჯერ ავუხსნათ სიტუაცია, ველაპარაკოთ და გავაგებინოთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ის სისტემა, რასაც გვთავაზობენ, არა თუ არ შეესაბამება კონსტიტუციას, არის უსამართლო იმ პირობებში, რა პოლიტიკური სპექტრიც არის დღეს პოლიტიკურ ველზე, ჩვენი ამ თემაზე შეთანხმება რომც მოხდეს, ვერ მოხდება სტაბილიზაცია. იმიტომ, რომ მანიპულაციაც შესაძლებელია, მით უმეტეს ასეთ პირობებში, და საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვს ამ კანონს იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველმა მისცეს ხმა ადამიანებს პროპორციულ სიაში და შეიძლება არც ერთი იქ არ იხილონ იმიტომ, რომ იქ მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს გვერდზე. ეს თუ სამართლიანი ჰგონია ვინმეს, მანდ მეპარება ეჭვი, იციან რომ ასეა, მაინც ამას ითხოვენ. ვფიქრობ, ასეთი განვითარება არის ერთად ერთი - რევოლუციური გზა, ნუ აყვებით ამ გზას, ნუ დაანგრევთ ჯერ კიდევ მყიფე სტაბილურობას, რასაც ამ ბოლო წლებში მივაღწიეთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.