პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 17 ნოემბერს, ის საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს პირადად დაუკავშირდა და სთხოვა, დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციის და კანონიერების ფარგლებში.
თალაკვაძის თქმით, მან ასევე შესთავაზა ოპოზიციის ლიდერებს, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ საკუთარი პოზიცია, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური დებატები შემდგარიყო.
„მე დავუკავშირდი გუშინ, საღამოს, პირადად საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს. თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ვთხოვე მათ, დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციის და კანონიერების ფარგლებში, გაეგრძელებინათ თავისი მშვიდობიანი პროტესტი, გაეგრძელებინათ მანიფესტაციები მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და დაბრუნებულიყვნენ კანონმდებლობის და კონსტიტუციის ჩარჩოებში.
ასევე, შევთავაზე მათ, დისკუსია პარლამენტში გადაგვეტანა, პოლიტიკური პროცესი დაგვებრუნებინა, გაგვემართა პოლიტიკური დებატები და ნებისმიერ საკითხზე, რომელზეც მათ აქვთ საკუთარი პოზიცია და აინტერესებთ ჩვენი პოზიციები გამოვთქვი მზადყოფნა, რომ ეს ყველაფერი მომხდარიყო საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე.