2019 წლის 18 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აშშ-ისწარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან.
მხარეებმა განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით გამწვავებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავებაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. ლაშა დარსალიამ ამერიკულ მხარესთან დასვა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის შედეგად მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების საკითხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების უკანონო და პროვოკაციულ მოქმედებებზე, რაც მიმართულია ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისკენ.
მხარეებმა ისაუბრეს ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და მომავალ რაუნდზე განსახილველ თემებზე. ხაზი გაესვა პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, ძალის არგამოყენება, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება, რაც მთავარი წინაპირობაა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ლაშა დარსალიამ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
ენდრიუ შოფერმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.