დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ დაპირებაზე უარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.
თუმცა, მისივე თქმით, დესტაბილიზაცია და სახელმწიფო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტა მათ ინტერესშია, ვისაც არეულობის მოხდენა სურს.
„მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ 14 ნოემბერს „ოცნებამ“ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან თავის დაპირებაზე თქვა უარი. რამდენიმე თვის განმავლობაში გამუდმებით თავგადაკლული პროპაგანდა მიმდინარეობდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფილ იქნა იმათ მიერ, ვინც მას პირველად უწევდა პროპაგანდას. ეს არის შეურაცხყოფა, მაგრამ დესტაბილიზაცია, დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირების შეწყვეტა არის იმის ინტერესში, ვისაც უნდა, რომ მოხდეს ესკალაცია და იყოს არეულობა. ეს ხალხის ინტერესში არ არის. ასეთი ჯგუფები არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. ასეთი განწყობა შეიძლება, „ოცნებასაც“ ჰქონდეს, რომელსაც აწყობს, რომ მუდმივად მტრის ხატი არსებობდეს და მისი ლეგიტიმაცია ხდებოდეს იმის მიხედვით, რომ, კი, ჩვენ მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილება, დავაშავეთ, მაგრამ ჩვენზე უფრო მეტი დამნაშავეები არიან“ ,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს, ჟორჟოლიანის განცხადებით, პარლამენტის ფუნქციონირების შეწყვეტა არ არის მხოლოდ ზოგადი არეულობა და ის თითოეულ მოქალაქეზე ახდენს გავლენას.
„ეს ყველა ადამიანზე იქონიებდა გავლენას, რადგან მისაღებია გადაწყვეტილებები, მისაღებია ბიუჯეტი და ასე შემდეგ, რომელიც ხალხის ცხოვრებაზე ზემოქმედებას ახდენს. დაუშვებელია იმ დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის და ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. თუ ჩვენ გვინდა, რომ შევცვალოთ ვითარება, თუ გვინდა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, შევცვალოთ ცხოვრება, ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდ ვითარებაში. ხალხთან საუბარს და სერიოზული საკითხების განხილვას აქვს მნიშვნელობა და ასე კინკლაობას, ასეთ დესტაბილიზაციას, ესკალაციას მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებისთვის მოაქვს დადებითი შედეგი, რომლებიც დღეს პოლიტიკის სცენაზე ყველაზე აქტიურად წარმოდგებიან. ეს არის ორი ძალა, ერთი მხრივ „ქართული ოცნება“, ხოლო მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები“ ,- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.