ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი იმედოვნებს, რომ უკანონოდ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება უახლოეს ხანში გაათავისუფლებს.
„არ მგონია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი დაკავება ვინმეს ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა კლაარმა „ეხო კავკაზთან“ საუბრისას.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაკავებული ექიმის საკითხი დღეს მის მიერ ცხინვალში გამართულ შეხვედრებზე განიხილებოდა.
„დიახ, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დადგა და იქნება ძალიან კარგი, თუ ეს სიტუაცია გადაწყდება და ექიმი გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება“, – განაცხადა კლაარმა.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, 9 ნოემბერს დააკავეს.
მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.