ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოსადმი საერთაშორისო პარტნიორების გზავნილების შესახებ ათასნაირი სპეკულაცია მოისმინა.
„ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ვკონტაქტობთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ყველა თემასთან დაკავშირებით, იქნება ეს მწვავე თუ არამწვავე საკითხები. არანაირ იზოლაციაზე საუბარი არ არის – აბსოლუტური სპეკულაციაა გავრცელებული ინფორმაციები. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების ოფიციალური განცხადებები. როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირთან ერთად აკეთებს განცხადებას და წუხილს გამოთქვამს, ამ წუხილში ვუერთდებით და თანაზიარები ვართ. მეორე მხრივ, ისინი მოუწოდებენ დემონსტრანტებს, აქციის ორგანიზატორებს და წევრებს, რომ დარჩნენ კანონის ჩარჩოებში. მე მგონი, მკაფიო გზავნილია. ათასნაირი სპეკულაცია მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.