„მაჟორიტარული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე, რა არის ამაში ცუდი?“- ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მაჟორიტარული არჩევნები რაღაცნაირად წააგავს ამერიკაში კონგრესმენებისა და სენატორების არჩევას.
„არასოდეს მიმაჩნდა სამართლიანად, ნებისმიერ ასპექტში საქართველოს შედარება ისეთ გიგანტებთან, როგორებიც არიან ამერიკა, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. რაც შეეხება თავად მაჟორიტარულ სისტემას, სიმართლე გითხრათ, ეს მაჟორიტარული სისტემა ლექსიკონში ვერსად ვერ ვნახე. მაჟორიტარიანიზმი კი ვნახე, ასეთი სიტყვა არსებობს, არადა სულ სხვა რაღაცაა, მაგრამ მაჟორიტარი, მემგონი, მარტო ჩვენ გვაქვს მორგებული. ეს რაღაცნაირად წააგავს ამერიკაში კონგრესმენებისა და სენატორების არჩევას. ანუ სენატის არჩევნებს წააგავს. სიმართლე გითხრათ, მიჩვეული ვარ დიდი ხნის მანძილზე ასე არჩევას კანონმდებლის, სენატორისა და კონგრესმენის, ისე როგორც მაჟორიტარებს ირჩევენ. ახლა მე ვარ ამომრჩეველი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, მე ამ პლატფორმიდან ვაძლევ ხმას როგორც პრეზიდენტს, ისე კონგრესმენებს“. - აღნიშნა ჟურნალისტმა.
რუხაძის აზრით, პარტიების სიმრავლე პოლიტიკურ პროცესს ვერ ალაგებს.
„იმისთვის, რომ შენი ყოფნა პარლამენტში გაამართლო, არ არის საკმარისი მხოლოდ ამაღლებული მორალი და წესიერება, იქ საჭიროა ძალიან დიდი პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება და ასე შემდეგ. რატომ მირჩევნია მაჟორიტარული არჩევნები, ასე ვაყენებ უკვე დიდი ხანია ამ საკითხს. ამერიკაში არის ორპარტიული სისტემა, ბი-პარტიული სისტემა და ეს ძალიან ბევრ რაღაცას შველის. შეიძლება ჩვენთან მაჟორიტარულ სისტემას ხელი შეუშალოს იმან, რომ ჩვენთან არის მრავალპარტიული სისტემა და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პარლამენტში აღმოჩნდეს 150 მაჟორიტარი იყოს და ასორმოცდაათივე სხვადასხვა პარტიის წევრი იყოს, ეს არც ისე დალაგებული საქმე იქნება, მაგრამ ვინ იცის, შებრუნდეს საკითხი და მაჟორიტარული სისტემის შემოტანამ მიგვიყვანოს ორპარტიულ სისტემამდე. მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ უფრო ჯანსაღი სიტუაცია იქნება ქვეყანაში, საქართველოში იქნება ორპარტიული სისტემა იმიტომ, რომ პარტიების სიმრავლე არა მგონია, პოლიტიკურ პროცესს ალაგებდეს“. - განაცხადა რუხაძემ.
როგორც რუხაძე ამბობს, პარლამენტში უფრო მეტად იურისტები უნდა იყვნენ.
„ის, რომ ინდივიდი არ მოგვწონს, რომ რომელიღაც არჩეული კანონმდებელი არ მუშაობს კარგად, ან არ არის ჩვენი გემოვნების შესაბამისი, ან უბრალოდ პიროვნულად არ მოგვწონს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავად სისტემაა დასაგმობი. მაჟორიტარული სისტემა პრაქტიკულად რას ნიშნავს: რომ ყველანი პირადად არიან პასუხისმგებელი თავიანთი ამომრჩევლის წინაშე. რა არის ამაში ცუდი? რომ ადამიანებმა ინდივიდუალურად აირჩიონ პარლამენტის წევრები, ანუ კანონმდებლები, ყველა იყოს პროფესიონალი და თითოეულს ჰქონდეს თავისი პასუხისმგებლობა? მე არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტში არის ათასი პროფესიის ადამიანი. პარლამენტში უფრო მეტად უნდა იყვნენ იურისტები, რომლებმაც ისწავლეს ქვეყნის მართვა. ვერ წარმომიდგენია რატომ უნდა იცოდეს ექიმმა ან მსახიობმა ქვეყნის მართვა“, - განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.