„ცხადია, ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მუშაობა და მთელი პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უპირობოდ გათავისუფლდეს.
„ოჯახს მეორედ შევხვდი, ძალიან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და მათ დეტალურად გავაცანი, რა არხებით და რა ფორმებით მიდის მუშაობა, რა ინფორმაციას ვფლობთ ამ ეტაპზე. სწორედ ამიტომ გაკეთდა დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც განცხადება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება და ნებისმიერი მოქმედება, როგორც მედიაში, ისე პოლიტიკური სუბიექტისა თუ სხვა ნებისმიერი აქტორის მხრიდან, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და პირველ რიგში, სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე. ყველას მინდა ვთხოვო, რომ ეს გაითვალისწინონ. ამ საკითხის პოლიტიზირება ან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება დაუშვებელია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან რთული ფონია. სიახლე არავისთვის არ არის, თუ რა რეჟიმთან და როგორ გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.