„საზოგადოებაც და ხელისუფლებაც არის გაერთიანებული დღეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ამ უკანონო ტყვეობიდან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„როგორც ხედავთ, საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაემიჯნა ადამიანურ ღირებულებებს, რადგან გაუგონარია მართლაც, ექიმი, რომელიც განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარება, დააპატიმრო. რა თქმა უნდა, ეს არის უკანონო პატიმრობა. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ყველა ძირითად საერთაშორისო პარტნიორთან, სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში. საზოგადოებაც და ხელისუფლებაც აქ არის გაერთიანებული დღეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი ამ უკანონო ტყვეობიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.