„მიმდინარე აქციებზე გიგი უგულავას აქტიურობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ იგი თავისი საქციელებით ცდილობს გადაფაროს მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულები და შექმნას გარკვეული იმიტაცია“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 2013 წელს მომხდარი ინციდენტი, სადაც მთავარი მოქმედი პირი იყო უგულავა, რატომ აქტიურობდა იგი? ბევრ ადამიანს მისი განსაკუთრებული აქტიურობისთვის არ მიუქცევია ყურადღება, თუმცა, საბოლოოდ ნათელი გახდა, რომ მისი აქტიურობის მიზანი იყო სწორედ ის, რომ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე გადაეფარა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაემტკიცებინა, რომ იგი არის პოლიტიკურად დევნილი და არა კრიმინალი.
მან შექმნა იმიტაცია იმისა, რომ მას აქციებისთვის დევნიდნენ და არა იმ დანაშაულების გამო, რაც მან და მისმა თანამებრძოლებმა ჩაიდინეს. იმ პერიოდში უგულავას ედავებოდნენ არაერთ საქმეს, რომელიც შეეხებოდა ფინანსური მაქინაციების ჩატარებას ქ. თბილისის მერიაში, მათ შორის არაერთი ბრალი წაუყენეს მას, რაც გულისხმობდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას.
ასევე ბრალდება უკავშირდებოდა „სითი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის 2007 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, შპს „სითი პარკისთვის“ დამატებითი შეღავათების დაწესებით, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფოს კუთვნილი 1 086 718 ლარის გაფლანგვას. სწორედ აღნიშნულ საკითხზე მსურს საზოგადოების ყურადღების გამახვილება, სითი პარკის საქმეზე მალე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, გადაწყვეტილებას, რომელიც გიგის ციხის კარს ფართოდ გაუღებს.
ასევე იგი ჩართული იყო ბურუსით მოცულ მრავალ კორუფციულ გარიგებებში, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. უგულავას ამჟამინდელი ქმედებებიც ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა, მას აქვს ინფორმაცია, რომ მის წინააღმდეგ კვლავ შესაძლოა მიმდინარეობდეს გამოძიება წარსულში მის მიერ ჩადენილი გარკვეული კორუფციული საქმეებისთვის, რის გამოც უგულავა კვლავ ცდილობს, საკუთარი აქტიურობით შექმნას ილუზია საზოგადოებაში, რომ პოლიტიკური აქტიურობის გამო იჭერენ და არა მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.