„NATO-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ NATO-სა და ჩვენს პარტნიორებთან, უპირობოდ სრულდება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო NATO-სთან ყველა სტანდარტით თავსებადია.
„საქართველო სტრატეგიულ მზადყოფნაში იმყოფება. მისი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება მისაღებია პოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ერთად ვქმნით მომენტს, როცა ეს გადაწყვეტილება იქნება შესაძლებელი. ოღონდ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება მისაღებია NATO-სა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. NATO-ს ოფიციალური შეფასების ანგარიშები არსებობს, სადაც საქართველოს პროგრესი სათანადოდ არის შეფასებული.
საქართველოში წელს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები ჩატარდა, სადაც სამი ათასზე მეტი NATO-ს ჯარისკაცი მონაწილეობდა. ესეც ნიშნავს, რომ NATO-ს მიმართ ენთუზიაზმი არის გაზრდილი და ვალდებულებები, რომელიც ავიღეთ NATO-სთან და ჩვენს პარტნიორებთან, უპირობოდ სრულდება. იმ მომენტს ველით, როცა საქართველოს მიღება NATO-ში მოხდება. გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია და ვინაიდან, გვჯერა, რომ შესაძლებელია, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.