ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
წინა პუბლიკაციებში ვწერდი, ..."ძველებს" კი არ გვჭირდება შეხსენება, მაგრამ ღირს ახალთაობამაც იცოდეს და გაიაზროს ის ფაქტი და მოვლენა, რომ ამ დიდებულ მოღვაწესა და პოეტს ცხოვრება და მოღვაწეობა უხდებოდა ურთულეს(!!!) დროსა და რეალობაში, რომ სწორედ მაშინდელ ვითარებაში იყო საჭირო ზუსტად ირაკლისეული სიბრძნე, მოხერხება, გაბედულება, შეუპოვრობა, პრინციპულობა, სწორი გათვლა, რის შედეგადაც მაშინდელი თაობები თავს აბამდნენ დიდ ეროვნულ, საქვეყნო საქმეებს. როცა წამოიწეოდა რაიმე ეროვნული პრობლემის გადაჭრის აუცილებლოა, რეალობა ითხოვდა ერის სულიერ თუ პოლიტიკურ წინამძღოლთა ერთიან მუშტად შეკვრას, ზოგჯერ, იშვიათად, ეს ერთიანობა, ეგებ, არ იყო სალი კლდესავით მტკიცე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში გადაილახებოდა ყველა სიძნელე და... ჰოდა, ამ სიძნელეთა გადალახვას ყოველთვის ჭირდებოდა მედროშე სწორედ საზოგადოების წრიდან წამოსული, მისი ნდობით აღჭურვილი პერსონა, რომელიც მისაღები გახლდათ "ზემოთაც" და სახვა ფენებშიც. ასეთი პერსონა კი, როგორც წესი, გახლდათ ბატონი ირაკლი აბაშიძე.
მეც კი, რომლისთვისაც უცხო არ გახლავთ სახელისუფლო, პარტიულ თუ სხვა ლაბირინთებში მოძრაობა, დღემდე მიჭირს რა "მექანიზმები", რა უნარ-თვისებები, ნიჭის რა გამოვლინებები ეხმარებოდა მას იმ დროისთვის უძნელესი, თითქმის გადაულახავი პრობლემების მოგვარებაში. ზუსტად ვიცი მხოლოდ ერთი რამ: როცა საქმე ეხებოდა სამშობლოს, ქართულ საქმეს, მისთვის არსად, შინ თუ გარეთ არ არსებობდა არცერთი, არანაირი "ცხრაკლიტული" რომლის გაღებაც არ შეეძლო რაღაც "ჯადოსნურ სიტყვას", რომელიც ბატონი ირაკლის ბაგეებით წარმოიქმნებოდა.
ხუმრობით ამ "მოვლენას" ვუმადლოდით "ხონურ აკადემიას", სერიოზულად კი ზნეობრივ ჩარჩოებში"გამოკეტილი" პრაგმატიზმს, რომელსაც მაღალოსტატურად იყენებდა, ვიმეორებ-უმაღლესი ზნეობრივი პრინციპების დაცვით, არა მარტო უნიჭიერესი პოეტი-აკადემიკოსი, არამედ იმ დროინდელი მმართველი პარტიის გამორჩეული პერსონა, რაც თავისთავად გულისხმობდა მის აქტიურ როლს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. და ამ სტატუსშიც - მშობელი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი დიახაც გახლდათ ერთობ ანგარიშგასწევი ფიგურა, არა მარტო თავის სამშობლოში, არამედ მთელს საბჭოთა ქვეყანაში.
ამაზე მეტყველებს მისი რეგალიებიც: მრავალი წლის მანძილზე - სსრკ მწერალთა კავშირის ერთ-ერთი ავტორიტეტული მდივანი, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქართველ მწერალთა კავშირის წინამძღოლი, რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, "ქართული ენციკლოპედიის" მთავარი რედაქტორი, რუსთაველის საზოგადოების პირველი თავკაცი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (მაშინდელი პარლამენტის) თავმჯდომარე (ანუ, დღევანდელი გაგებით - სპიკერი).
ამ ჩამონათვალს დავუმატოთ პიროვნული ხიბლი, ფანტასტური ენამახვილობა და იუმორი, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და, რა გასაკვირია, თუ ეს წარ,ოსადეგი და სიმპათიური კაცი მაგნიტივით იზიდავდა დიდს თუ პატარას, ჩინოსანს თუ უჩინოს... რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ ძლიერნი ამა ქვეყნისა, რომლებიც თავადაც ილტვოდნენ ბატონი ირაკლისკენ, ამაყობდნენ მასთან მეგობრობით.
ვასილ მჟავანაძე, მაშინდელი პრემიერი გივი ჯავახიშვილი, ნომინალური პრეზიდენტი გიორგი ძოწენიძე ბატონ ირაკლის უახლოეს მეგობრად თვლიდნენ. ეს გარემოება პოეტს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავისი კოლეგებისთვის, კულტურის მოღვაწეთათვის, რიგითი შეჭირვებული ადამიანებისთვის უანგაროდ(!!!) ბევრი სიკეთე გაეკეთებინა,
ბუნებრივია, სასიკეთო ლეგენდაც ბევრი დადიოდა და ირაკლი აბაშიძისადმი დამოკიდებულებას საზოგადოების დიდი ნაწილი სიყვარულით, მოწიწებით და პატივისცემით გამოხატავდა.
მაგრამ... ცხოვრება-ცხოვრებაა!
სიკეთის და საქმის მკეთებელ კაცს ჩვენში არც მოშურნე და მოქილიკე დაელევა... ჰოდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც ირაკლი აბაშიძე გახლდათ... საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი პერიოდი ეს ცოცხალი ლეგენდა-კაცი საქართველოსაც კი განერიდა.
და მოხდა სასწაული: ირაკლი ისეთი პატივით მიიღო საბჭოთა კავშირის მწერლურმა ოჯახმა, ისეთი თანამდებობა და რეგალიები უბოძეს, რომ... საქართველოში ბევრს, მათ შორის, უმაღლეს ელიტაში, ძილი გაუტყდა. და ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ მაშინდელ ხელმძღვანელებს, რომ ირაკლი აბაშიძე ისევ თბილისს დაბრუნებოდა....
ამ პერიოდს ეკუთვნის ლექსი „სალიერები“, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ჩემს გვერდზე გამოავაქვეყნე და ურიგო არ იქნება თუ აქაც გავიმეორებ:
" მიძღვნა ქართველ სალიერებს
************************************
სალიერებო! ხომ ცნობილია
თქვენი ნიჭი და თქვენი ხელობა –
თქვენ დააბრალეთ მოხუც ილიას
საგურამოში გლეხის მკვლელობა.
თქვენ ჩვენს მიწაზე შხამს აცემენტებთ,
ფიქრობთ – სიმართლეს ჭორი დაჯაბნის;
თქვენ დააბრალეთ ღმერთ -კაც წერეთელს
განადგურება ვანო მაჩაბლის.
ბედი ბოროტი თქვენი ბედია,
ყოველ წყაროში ისვრით ანკესებს;
თქვენ მიგაჩნიათ თქვენს ტრაღედიად,
ქვეყნად თუ ვინმე საქმეს აკეთებს.
ყოვლის აღრევა, ყოვლის ადღვება
თქვენი საქმეა, ათას ფერებში;
თქვენი „ალერსი“ და ყურადღება
თუ მეც მომელის ამ სიბერეში, –
მაშინ მე გეტყვით, რა გზაც მივლია,
უნიჭოებო, ცარიელებო!
გეტყვით – მე მოვკალ დიდი ილია –
მეტი რა გინდათ, სალიერებო!
(მე თქვენი დედაც, სალიერებო!)"
*******************
ალბათ, უპრიანი იქნება იმის გახსენებაც, რომ მიუხედავად ურთიერთკეთილგანწყობისა, ირაკლი აბაშიძის ავტორიტეტული ფიგურა - სამართავად ძნელი, მუდამ სიმართლის მთქმელი (და ამისთვის ყოველთვის ნახულობდა ზუსტ ფორმას და ტონს), პრინციპული, ამასთან დიდი ღირსების მატარებელი პოეტი ყველა ეპოქაში მეტ-ნაკლებად იყო პრობლემა. და ამ „პრობლემა-კაცის მოთვინიერებას“ მავანი და მავანი ზოგჯერ „აკრძალული ილეთით“ ცდილობდა.
სამწუხაროდ, ამ „ილეთებს“ ზოგიერთი კოლეგა-მწერალი საკუთარი ინიციატივით იყენებდა, ზოგჯერ კი „დავალებას“ ნამეტნავად ენთუზიაზმით ასრულებდა... ირაკლი ასეთ „გამოხტომებს“ ფილოსოფიურად უცქერდა და ცდილობდა კეთილშობილური განწყობით განემუხტა. ზოგჯერ სარკაზმს, ირონიას, იუმორსაც იშველიებდა.
ერთმა საკმაოდ ცნობადმა, მაგრამ ნიჭიერებით საშუალო დონის მწერალმა რომ მეტისმეტად გაუტია, თანაც, საჯაროდ, მწერალთა შეკრებაზე, ბატონმა ირაკლიმ იმავე ტრიბუნიდან "დაუბრუნა ხურდა": "კაცო, მართლა რომ გავბრაზდე, თავი გადავდო, დრო დავკარგო და შენი ნაწერები ბოლომდე ჩავიკითხო, მერე სადღა მიდიხარო!.." ამ რეპლიკას კოლეგების ისეთი ტაში მოჰყვა, რომ, იმ "ცნობადმა სახემ" უმალ "იპოვა" და საბოლოოდ მისი ნიჭის შესატყვისი ადგილი.ს შემდეგ ოპონენტი საბოლოოდ დაშოშმინდა.
... ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნდა აშკარად ზემოდან დაკვეთილი,საკმაოდ უსიამო წერილი ირაკლი აბაშიძის შესახებ. მარტო თბილისი კი არა, მთელი ქვეყანა ალაპარაკდა.
... გვიან საღამოს ზარია ჩემთან. „ეგებ, ყველაფერი გადადო და სასრაფოდ მნახოო“,- ბრძანა ბატონმა ირაკლიმ. სახლის წინ დამხვდა. ეს დინჯი, ყოველთვის გაწონასწორებული კაცი შესამჩნევად იყო აღელვებული. გულისტკენა არ დამალა. თანაც უკვე იცოდა, რომ ამ უმსგავსოებაში მაშინდელი ხელმძღვანელობის ხელი ერია.
ქუჩის ლამპიონის ქვეშ ლექსი წამიკითხა და მთხოვა, გააკეთე ისე, რომ ეს ლექსი ხვალინდელ გაზეთში დაიბეჭდოსო.
მომეჩვენა რომ ამის გაკეთება ამ ფორმით და ამ დღეს ირაკლის ავტორიტეტს არაფერს შემატებდა. ვნება კი შეეძლო მოეტანა.მთელი ჩემი მჭერმეტყველება, ემოციები , ფიცი დამჭირდა, რომ ერთი დღით გადამედო ამ „საზღაურის“ გამოქვეყნება. დავითანხმე.
მეორე დილით მის უახლოესი მეგობრების აკადემიკოს შოთა ძიძიგურთან და პროფესორ დავით ჩხიკვიშვილთან ერთად „შეთქმულება“ დავგეგმეთ, რათა ირაკლის ამ ლექსის გამოქვეყნება გადაეფიქრებინა.
...მანქანით მივდვართ „შეთქმულები“ და ის ის არის ამ თემაზე საუბარი უნდა დავიწყო და... ბატონი ირაკლი კონვერტს მაწვდის და მეუბნება: შე „ჟულიკო“, ძალიან კარგად მესმის ეგ შენი ოინები და აჰა, ეს შენ გქონდეს და როცა საჭიროდ ჩათვალო, მაშინ გამოაქვეყნეო...
მას შემდეგ 35 წელზე მეტი გავიდა.
ამ უსიამო „ისტორიის“ არცერთი მონაწილე -არც დამკვეთ - შემსრულებელი, და „შეთქმული“(ჩემ გარდა) ამ ქვეყნად აღარ არის. მე კი ყველა მათგანს პირადად დავპირდი, რომ სჭირო დროს "გავიხსენებდი" ამ სამარცხვინო ამბავს.
იმ ბრიყვული დავალების შემსრულებელმა, ქუთაისში, უნივერსიტეტში პოეტთან შეხვედრის დროს, ირაკლის უფროსი ვაჟიშვილის-ზურაბისა და ჩემი თანდასწრებით, პატიება თხოვა ბატონ ირაკლის. ის აშკარად წესიერი კაცი იყო და საოცარი გულწრფელობით განიცდიდა თავის შეცდომას...
მაგრამ, როგორც ფრანგები ამბობენ: „სე ლა ვი!“
ამიტომ ამ ისტორიის ბოლო აკორდიც ასაღებიი იყო და ორი წლის წინათ ლექსი მაინც გამოვაქვეყნე. დღეს ამას მეორეჯერ ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ აბაშიძეები ამ ფაქტს აღტაცებით ისევ არ შეხვდებიან. ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ეს არ არის ერთეული და გამონაკლისი შემთხვევა. არც ამ ერთი კონკრეტული ადამიანის მისამართით გაჟღერებული.
არც მხოლოდ იმ დროისთვის დამახასიათებელი.
ეს კლასიკაა!
სამწუხაროდ, საქართველოსთვის, ყოველ შემთხვევაში მისი ერთი ნაწილისთვის მაინც, სისხლში და ხორცში გამჯდარი საზიზღრობა.
ბატონი ირაკლის პოეტური პასუხიც, ჩემი აზრით, კლასიკაა! უმაღლესი დონის კლასიკა და იგი, ხელნაწერის სახით (მხოლოდ ერთი სიტყვის გამოკლებით) ქვეყნდება. დაბეჭდვით კი არსად დაბეჭდილა.
არ მინდა ეს მოგონებები ამჯერად დავამთავრო მართალია ჭკუის სასწავლებელი, მაგრამ მაინც ცოტა მძიმე ისტორიით...
ჰოდა, ერთ სახალისოსაც გავიხსენებ.
აკი გითხარით, გამოსაჩენი მდგომარეობის გამო, ბატონ ირაკლის უხდებოდა სხვადასხვა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება და ამას საკმაოდ მსუბუქად უცქერდა.
ცივი ომის პერიოდია, ლამის პიკი და ამერიკელებმა გადაწყვიტეს ევროპაში "პერშინგების" თუ რაღაც სხვა უბედურებეის განლაგება. რაჭირო გახდა მასობრივი პროტესტის გამოხატვა და ყველა შრომით კოლექტივს დაევა სათანადო შინაარსის დეპეშის გაგზავნა აშშ პეზიდენტის ჯიმი არტერის სახელზე.
შევიდა ბატონ ირაკლისთან პარტკომის მდივანი და კოლექტივის სახელით გასაგზავნ დეპეშაზე ხელი მოაწერინა... გავიდა ცოტა ხანი და ახლა ენციკლოპედიის ზემდგომმა პარტრაიკომის მდივანმა დაურეკა და იმანაც რაიონის მშრომელთა სახელით გასაგზავნ დეპრშაზე ხელმოწერა თხოვა... წავიდა პოეტი მწერალთა კავშირში და იქაც დახვდა სათანადო თხოვნა შემდეგი გაჩერება მეცნიერებათა აკადემიაშია და იქ უკვე ქალაქკომის მიერ მომხადებული დეპეშაელის, რომლითაც ქართველი მეცნიერები ამერიკელ ლიდერს "ყურს უწევდნენ" სამარცხვინო ნაბიჯის გამო... ... და უცებ, ზარი ცეკადან: თხოვნაა საქართველოს სახელით აშშ პრეზიდენტს მოთხოვოთ რაკეტების მოშორებაო და... "იფეთქა" ირაკლიმ: „გადამერევა ეს კარტერი, იტყვის, რას გადამეკიდა ამ ერთნაირი ტელეგრამებით ეს უნიჭო ირაკლი აბაშიძეო",
ხვალ, 23 ნოემბერს, ამ ბუმბერაზი მოღვაწის დაბადებიდან 110 წლის იუბილეა. ძალიან გამიხარდებოდა, რომ დიდუბის უაღრესად საპატიო პანთეონის ნაცვლად ყვავილები მიმეტანა მთაწმინდაზე, სადაც მას ნამდვილად ეკუთვნის საუკუნო განსასვენებელი ადგილი. დიდ რეზო ლაღიძესთან, დიდ პავლე ინგოროყვასთან, მარად ჭაბუკ ლადო ასათიანთან ერთად... მაგრამ... იქ, თურმე, ყველა ადგილი დაუკავებიათ.
ისე საინტერესო კია, რომელი "გენიოსის" ბრძანება-მითითება-რეკომენდაციით წყდება ამ ბოლო დროს ასეთი ფაქიზი საკითხები? ერთი ნაღდია: იმ "ყოვლისშემძლე" ანაფორიან თუ სამოქალაქო "პიჯაკიან" ჩინოსანს, რა სტატუსითაც არ უნდა იყოს მოვლენილი ამ ეტაპზე თბილის-ქალაქს, პრინციპულობა, ობიექტურობა, გემოვნება, სიბრძნე და ასტორიის ცოდნა აშკარად ღალატობს...
მრავალ გიორგობას დაესწარით, მეგობრებო, დებო და ძმებო, შვილებო, სრულიად საქართველო!