„საზოგადოების შეურაცხყოფაა, როდესაც ეს ადამიანები დღეს კიევში ერთად დგანან, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ, ერთს ჰყავს დაჭერილი მეორე, მესამე ჰყავს პოლიტიკურად დევნილი, თავის დროზე ამ ხალხისთვის და მისი პარტიის წევრებისთვის ჩამორთმეული აქვთ ქონება, უკანონოდ უსმენდნენ და დევნიდნენ მათ, გაკეთებული აქვთ განცხადებები იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება არის მიუღებელი და დღეს, ამ პოლიტიკოსის გვერდით დადგნენ. ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა როდესაც ეს ადამიანები ერთად დგანან კიევში.
ჩემთვის ეს იყო გამაოგნებელი, როდესაც ეს სამი ადამიანი ერთად დაინახა საზოგადოებამ. სწორედ ეს იწვევს იმედგაცრუებას პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ამ დღეებში რამდენიმე ოპონენტი გვემუქრებოდა პოლიტიკური ჯოჯოხეთით, ეს იყო პოლიტიკური ჯოჯოხეთი რაც უკვე ვნახეთ, თუ წინ გველოდება რაღაც ახალი სანახაობა - არ ვიცი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა ჯოჯოხეთს ჰყავს თავისი ეშმაკებიც. თუ წინ იმაზე მეტი ჯოჯოხეთი გველოდება, რომ ერთად დავინახოთ ისეთი ხალხი რომელთა ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო ვინმესთვის, რომლებიც ღირებულებებით, თავისი წარსულით, გაკეთებული განცხადებებით, პარტიული პლატფორმებით ერთმანეთისგან არიან ძალიან დაცილებულები და ეს ადამიანები დღეს შეხვდნენ ერთმანეთს - ეს არის ოპოზიციის ერთი ნაწილი რომელიც წარსულს უჭერს მხარს. მეორე ნაწილი რჩება რეალისტურ პოზიციებზე და ეს იმედს მაძლევს, იმიტომ რომ ხვალ-ზეგ, როდესაც ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს - სჩანან ძალები, ვისთან ერთადაც ხვალ შეიძლება პოლიტიკის კეთება ამ ქვეყანაში. ამ პროცესმა ყველაფერს თავისი რეალური სახელი დაარქვა. საზოგადოება ხვდება რეალურად ვისთან აქვს საქმე და რომ ამ ადამიანებს დაბრუნების შანსი აღარ აქვთ. ეს არ არის ის საზოგადოება და ეს არ არის ის საქართველო, როდესაც მათ ყველაფერი ჰქონდათ დაბოქლომებული. ეს არ არის 2003 წლის საქართველო, ეს 2019 წლის საქართველოა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ტელეკომპანია იმედის, გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.