რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, ნინო წილოსანის, პაატა მხეიძის, მერაბ ქვარაიას და ზაზა გაბუნიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, პროექტთა თანმხლებ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით განსახილველად, პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, ცვლილებებით სწორდება კოდექსის დღეს მოქმედ რედაქციაში არსებული ტერმინოლოგიური უზუსტობები და ხარვეზები, რომელთა სრულყოფა და შესწორება უზრუნველყოფს კოდექსის სწორ გამოყენებას. აგრეთვე იცვლება მრავალბინიანი სახლის განვითარებისას მესაკუთრეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და კვორუმი, რომელიც ეფუძნება არა ხმათა რაოდენობას, არამედ საკუთრებაში არსებულ ფართს, რათა გამოირიცხოს ფართის დაყოფის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, რაც უმეტესწილად, უარყოფითად აისახება განსავითარებელ მრავალბინიან სახლზე.
ცვლილებები შეეხება კოდექსით დადგენილ ზოგიერთ ვადას, მათ შორის, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმესთან და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებასთან, არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ვადებს.
მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ 2019 წლის 3 დეკემბრამდე დამტკიცებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმებსა და იმ განაშენიანების რეგულირების გეგმებს, რომლებიც მოიცავენ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით რეგულირებად საკითხებს, უგრძელდებათ მოქმედების ვადა, რათა შეიქმნას სამართლებრივი საფუძვლები, არსებული რეგულაციების გონივრული ვადით შენარჩუნებისთვის სფეროს განვითარებასა და გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
კომიტეტმა კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას ის მუხლები გააცნო, რომლებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით პროექტთა პაკეტიდან იქნა ამოღებული.
კომიტეტის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ლიკვიდაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს მოქმედების წესების სრულყოფილი რეგლამენტაცია.
პროექტით, სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისათვის დგინდება ნორმები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო და ამ შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს საჯარო მოსამსახურე.
მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ კანონპროექტით შესაძლებელია ლიკვიდაციის პროცესში, აქტივების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საწარმოს ანგარიშზე განთავსება და აღნიშნული თანხების ლიკვიდაციის პროცესში საჭირო ხარჯების დასაფარავად გამოყენება გავრცელდეს ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე და დადგინდეს ლიკვიდაციის წესის განმსაზღვრელი უფლებამოსილი ორგანოები.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, თანმდევ პაკეტთან ერთად, დაჩქარებული წესით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგისტრაციის გამარტივებული წესი, რომელიც 2020 წლის 1 იანვრამდე მოქმედებს, გახდება მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ზოგადი წესი და იმოქმედებს უვადოდ. კანონი იქნება სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტების საკითხებს.
მომხსენებლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის, ამ პროცესის კიდევ უფრო გამარტივების, საკადასტრო მონაცემების სრულყოფისა და შესაბამისი უფლებების მქონე კერძო პირთა სახელზე მაქსიმალური ოდენობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზანს ემსახურება. რეგისტრაციის ფაქტი მოქალაქეთა საკუთრების უფლების დაცვის გარანტიას წარმოადგენს. ამავე დროს, ის უზრუნველყოფს მიწის ბაზრის განვითარებას, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც დადებითად აისახება.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ოთხი სარატიფიკაციო დოკუმენტი წარუდგინა, რომელსაც კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი) შორის სასესხო შეთანხმებას (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა)
„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
„2015 წლის 26 ოქტომბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება)“
„2016 წლის 15 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“