საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი აცხადებს, რომ რაიმე სახის ცვლილების განხორციელება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით 2020 წლისთვის დღეს, უკვე უბრალოდ შეუძლებელია. საარჩევნო სისტემის ნებისმიერ ცვლილებას, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, მათ შორის იმ გერმანულ მოდელსაც, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ.
როგორც დეპუტატმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, გადაცემა „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, განვლილმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ მოწვევის პარლამენტში რესურსი იმისა, რომ კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილება განხორციელდეს, მით უმეტეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ, ამ თემაზე საუბარს, მმართველი პარტია ამოწურულად მიიჩნევს.
მისივე თქმით, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა, როდესაც 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, 77 პროპორციული წესით.
შემდგომ არჩევნებს რაც შეეხება, გიორგი კახიანის განმარტებით, ქვეყანა გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ისე, როგორც ეს გაწერილია კონსტიტუციაში და ეს მოხდება 2020 წლის არჩევნების შემდგომ.
„ხშირად ამბობენ, რომ 2024 წელს გადავალთ ამსისტემაზეო. 2024 წელს არა, როდესაც საჭირო გახდება შემდეგი არჩევნების ჩატარება, ანუ 2021 წელს რომ გახდეს საჭირო პირობითად რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაშინაც ეს იქნება პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები“, -განაცხადა დეპუტატმა.
გიორგი კახიანმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაც ამას ძალიან სწორად შეხედავს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილებების მიმართ გარკვეული პროტესტი გააჩნიათ. თუმცა, დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ საუბარი უნდა გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში და დებატები უნდა გაგრძელდეს უკვე პარლამენტში. რათა 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემის პირობებში, მაგრამ გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსით ჩატარდეს. უნდა გაიმართოს დისკუსია და დებატები ახალ რეგულაციებზე, რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს საარჩევნო კოდექსში იმისთვის, რომ ეს არჩევნები კიდევ უფრო სამართლიანი და დემოკრატიული იყოს.