საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის დაფუძნების 101-ე წლისთავისა და ლატვიის არმიის ფორმირების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ლატვიელ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის არმიის უდიდესი წვლილი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვაში.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა 2019 წლის მნიშვნელობას ლატვიის ისტორიაში, რადგან სწორედ წელს აღინიშნება მე-15 წლისთავი ლატვიის რესპუბლიკის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებიდან. მინისტრის პირველმა მოადგილემ დასძინა, რომ ეს არის ძალიან ღირებული გამოცდილება საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე.
„ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი მეგობრობა, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას, წლების მანძილზე ვითარდებოდა და ჩამოაყალიბა მტკიცე საფუძველი შემდგომი ნაყოფიერი ურთიერთობისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, თავდაცვა, ეკონომიკა და განათლება, ისევე როგორც კულტურა და ხალხთა შორისი კავშირები, არის ნამდვილად სამაგალითო. ჩვენ გვიხარია, რომ ლატვიელი ტურისტებისა და სტუდენტების რაოდენობა იმატებს საქართველოში“, - აღნიშნა მახარობლიშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.