საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე სიტყვით გამოსლისას, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე ისაუბრა და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა.
როგორც ზალკალიანმა ბერლინში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში კვლავ გრძელდება მცოცავი ანექსაცია და ოკუპაცია. მან მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა უფრო მკაფიოდ შეაფასონ საქართველოს იმ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რომლებიც დღეს, რუსეთის მიერ არის ანექსირებული.
„საქართველოში მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. რამდენიმე კვირის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცეს და დააკავეს ცნობილი ქართველი ექიმი, უბრალო მიზეზის გამო - იგი წავიდა თავისი პაციენტის სამკურნალოდ ოკუპირებულ რეგიონში. ახლა ის იმყოფება პატიმრობაში და ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციის ძალებზე, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მოქმედებენ“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, განსაცდელში არიან ეთნიკური ქართველები, რომლებიც დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს, გაყოფილია ოჯახები, მათ არ აქვთ წვდომა საკუთარ სოფლის მეურნეობაზე და ვერ ამუშავებენ საკუთარ მიწებს. მათ უარს ეუბნებიან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე.
„არ უნდა დავხუჭოთ თვალი ამ უკანონო საქმიანობაზე, რადგან ეს არასწორ სიგნალს გაუგზავნის ქართველ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა თავის სიტყვაში ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე.