მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, სატელევიზიო გადაცემა "SWOT ანალიზში" სტუმრობისას სამშობლოსა და სახელმწიფოს ცნებაზე ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, პოლიტიკოსი იქნება თუ ნებისმიერი რიგითი მოქალაქე, ჯერ სამშობლო უნდა უყვარდეთ, რადგან სამშობლო არის ქართველთა იდენტობა, სახელმწიფო კი ის ინსტიტუტები, რომლებიც ამას იცავს.
"ერთხელ, ერთმა პოლიტიკოსმა მკითხა, - რომელია შენთვის პრივილეგირებული სამშობლო თუ სახელმწიფოო? მაშინ, ეს კითხვა უპასუხოდ დავტოვე, ახალი მოსული ვიყავი პოლიტიკაში და სიფრთხილე გამოვიჩინე, მაგრამ დავფიქრდი ამ თემაზე. სამშობლო არის ჩვენი იდენტობა, რაც გიყვარს, სახელმწიფო კი ის ინსტიტუტებია, რომელიც იმას იცავს, რაც შენმა წინაპრებმა დაგიტოვეს: - შენი რელიგია, ხალხური სიმღერა, შენი ცეკვა თუ შენი ხასიათი, სამშობლო ემოციური ნაწილია და მის დასაცავად შეიქმნა სახელმწიფო ინსტიტუტები. თუ სამშობლოს სიყვარული არ გაქვს, მაშინ რას იცავ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ერთმა ადამიანმა მასთან საუბრისას სამშობლო და სახელმწიფო ღვინოს და ქვევრს შეადარა.
"ღვინო და ქვევრი რომ შევადაროთ. ქვევრი მოიგონეს ღვინის შესანახად, თუ ღვინო არ გიყვარს ქვევრს რა თავში იხლი", - ამბობს ივანიშვილი.
მისივე თქმით, პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი საქმიანობის დაწყებას, საზოგადოების რაღაც ნაწილის გაერთიანებას იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესი მიმართულებით განვითარდეს, მას ქვეყანაზე ზრუნვისა და სიყვარულის განცდა უნდა ჰქონდეს.