logo_geo
eng_logo
პირველი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია თბილისში, საარჩევნო თემატიკას მიეძღვნა
- +

3 დეკემბერი. 2019. 20:54


ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად საქართველოს არჩევის შემდეგ, თბილისში პირველი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც საარჩევნო თემატიკას და არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხებს დაეთმო.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის მიერ ორგანიზებული საპარლამენტო ფორუმს რეგიონის ქვეყნების კანონმდებლები, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები, საარჩევნო საკითხების ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მექანიზმებზე, პრევენციის ზომებზე და საერთაშორისო გამოცდილების მიმართულებებზე მოხსენებები მოისმინეს და თემატური დისკუსიები გამართეს.

 

კონფერენციის მეორე სამუშაო დღე საერთაშორისო და ეროვნული სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების გაცნობას დაეთმო.

 

აღნიშნული სესია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას ხელმძღვანელობით წარიმართა, რომელზეც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა მოხსენება წარმოადგინა.

 

მომხსენებელმა 2012 წლის შემდეგ საარჩევნო კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე მოხსენება წარმოადგინა და 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მკაფიო ხედვას წარმოადგენს ის მიდგომა, რაც მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

 

მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით, შექმნილია ინტერპარტიული სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებებზე მუშაობს. მისივე ინფორმაციით, პირველადი შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი მიდგომები, რომელთა მიმართ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

 

მომხსენებელმა აღნიშნული შეთანხმების კონკრეტული მაგალითები დაასახელა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ მიდგომას უფასო საეთერო დროის სამართლიანი და თანაბარი გამოყენება წარმოადგენს.

 

მისივე ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევა ასევე მოხერხდა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის და კონტროლის საკითხზე, მხარდამჭერთა სიების დაზუსტების გამარტივებულ მოდელზე, და ელექტრონული პლატფორმის შექმნაზე, საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ პროცედურების გამარტივებაზე და 2020 წლის არჩევნების დროს ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლისთვის მისთვის ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის საშუალების დაშვებაზე.

 

დავით მათიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მზაობას აცხადებს ფართო კონსულტაციების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საარჩევნო კანონმდებლობა, კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს და ევროპულ ღირებულებებს დაუკავშიროს.

 

რეგიონული საპარლამენტო კონფერენციის დასკვნითი ნაწილი მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, იური ბუგლაკმა და ირინა ეფრემოვამ და მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა, კორნელიუ პასატიმ საარჩევნო ადმინისტრაციების მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

 

ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენციის მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ შეაჯამა.

 

მისი განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის და სრულყოფის მიზნით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

 

რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები მოვისმინეთ და განვიხილეთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნის, არამედ ევროპის არაერთი ქვეყნის მაგალითები. ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგა. არის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც ვთვლით, რომ მიუხედავად იმ პროგრესისა, რაც უკვე საქართველოს გააჩნია, აუცილებელია კიდევ უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს და მიუახლოვდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც არსებობს ამ კუთხით, რათა არჩევნების პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება მაქსიმალურად იყოს აღმოფხვრილი. კონფერენციაზე ხაზგასმული იქნა ის ფაქტიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულ პროგრესს განიცდის და ზოგადად საარჩევნო გარემო გაცილებით უფრო დემოკრატიულია და ნდობის ფაქტორი გაზრდილია, რა თქმა უნდა, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება ერთგვარ გამოწვევად და აუცილებელია ამაზე მუშაობის გაგრძელება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner