საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ 2019 წელი უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. საქართველოსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობა ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში. ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატო-სთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მე მინდა რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ. თუნდაც თავდაცვის კომიტეტის და ნატო-საქართველოს კომისიის, საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ასევე ის წვრთნები, რომელიც ნატოს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატოს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა. ეს არის ასახული ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებში, შესაბამის განცხადებებში", -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში განაცხადა, სადაც ის - “NATO Engages: Innovating the Alliance“ - ღონისძიებაში მონაწილეობს.