დაუთმე გზა!!! - ამ გზავნილით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ზებრა გადასასვლელებზე აქცია - პერფორმანსი გამართეს.
აქციით ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მიმდინარე ახალგაზრდულ კვირეულს შეუერთდა.
აქციის მონაწილეთა თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სხვა უნივერსიტეტებთან ერთად აქტიურად ჩაერთო კვირეულში:
„მიგვაჩნია, რომ ევროპა გზის დათმობასთან ასოცირდება. ჩვენი აქცია-პერფორმანსიც მანიშნებელი სიმბოლოებით - „გზა დაუთმე“ და „მადლობა“ ამას უკავშირდება,"- განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელმა გვანცა ნარიმანიშვილმა.
ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში ორი კვირის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში გაიმართება საინფორმაციო კამპანიები თემაზე: „რატომ ევროპა?’’, აქცია-პერფორმანსები, ქუჩის მხატვრობის ფესტივალი და სხვა.
ახალგაზრდული კვირეული 14 დეკემბერს თბილისში საზეიმოდ დაიხურება.