თბილისის გარეუბანში, კერძოდ დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ შუა გამყოფ ზოლზე, 350 -მდე ძირი, სხვადასხვა სახეობის, 3-მეტრზე მაღალი ხე დაირგო.
გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
როგორც "რეპორტიორს" თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლის სიგრძე 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი. ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და შპს "ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები.