საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ, „იმედის“ გადაცემაში „დღის ამბებში“ სტუმრობისას, ჟურნალისტის კითხვაზე, - იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით შეჯერება, როგორ ხედავს მოვლენების განვითარებას გუნდის შიგნით, განაცხადა, რომ მაჟორიტარები კომპრომისზე წავიდნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შეეხებოდნენ და დატოვებდნენ შერეულ სისტემას.
ხუნდაძის თქმით, ეს მათი მხრიდან კომპრომისი იყო, მაგრამ განაგრძბენ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე გადასვლას, ამისთვის გავლენ ხალხში და 200 ათას ხელმოწერას შეაგროვებენ.
დეპუტატის თქმით, ხვალ, უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
„ჩვენ არ დაგვირღვევია არც შიდა გუნდური წესები, არც პროცედურები, როცა ბოლოს უმრავლესობის სხდომა გვქონდა მაჟორიტარები კომპრომისზე წავედით იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესს არ შევეხებოდით და დავტოვებდით შერეულ სისტემას, ეს კომპრომისი გავეცით, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ სუფთა მაჟორიტარულ, ამერიკულ სისტემაზე გადასვლას, ამისათვის ყველა პროცედურა დავიცავით ჩვენ გავდივართ ხალხში, მათ უნდა ვკითხოთ.
ხომ არ ვჯიუტობთ, რომ მხოლოდ 10, თუნდაც 100 კაცის გადაწყვეტილებით უნდა მივიღოთ ეს ცვლილება. ჩვენ გავდივართ ხალხში, ჩვენ უნდა ვკითხოთ ხალხს. ყველა მსჯელობს დღეს იმაზე როგორი სისტემა უნდა იყოს, მაგრამ არავინ არ ეკითხება ხალხს, პლებისციტი გაჟღერდა თუ არა, პირველ რიგში ოპოზიცია გამოვარდა ამის წინააღმდეგ, რას ჰქვია პლებისციტიო.
ჩვენ ხალხში გავალთ და შევაგროვებთ 200 ათს ხელმოწერას. რადგან მათ სურთ, რომ საკუთრი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.