ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, მით უმეტეს, როცა საქმე ახალგაზრდების სიცოცხლეს ეხება. თუმცა მიაჩნია, რომ ყველაფერი შედარებითია და ბევრად ბედნიერი იქნებოდა, მის შვილს რეზინის ტყვია რომ მოხვედროდა, მაგრამ დღეს, ცოცხალი ყოფილიყო.
"ჩვენი შვილები ვერ გადარჩნენ, იმიტომ, რომ თავში და გულში ესროლეს, ნაღდი ტყვიები - ღმერთი და სიმართლეა ჩვენს მხარეს, შედარებებს ვერ მომიყვანთ აქ. რუსთაველზე დგანან და ცალ თვალზე აქვთ ხელი აფარებული და ჩვენ გვაქვს ორივე თვალზე ხელი აფარებული", - განაცხადა სოსო რობაქიძემ "ტვ პირველის" ეთერში.
სოსო რობაქიძე მაკო გომურის თვალის დაკარგვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამის გამკეთებელი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით გადაიფაროს "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი მკვლელობები.
მისივე თქმით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, მარტო ციხეში 720 კაცია მოკლული.
"ჩემს შვილს რეზინის ტყვია არ მოხვედრია რა, თორემ, სახლში მეყოლებოდა ცალთვალა და ბედნიერი ვიქნებოდი. ჩემი შვილი რეზინის ტყვიით არ მომკვდარა, ხელაწეული მოდიოდა და ისე ესროლეს და დაჩეხილი მომიყვანეს სახლში. ხელი გაუხმეს იმას, ვინც იმ გოგოს თვალი გამოთხარა, ძალადობის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის. ვინც ესროლა, დასჯილი უნდა იყოს. მაგრამ იმას ეშველება, ჩემს შვილს ეშველება? ნეტა სადმე სუნთქავდეს... ჩვენი შვილები მიწაშიც აღარ არიან, ჩემი შვილი "კალიასკაში" იჯდეს, ორივე თვალი დათხრილი ჰქონდეს და სუნთქავდეს, ნეტა.
ყველაფერი არის შედარება, შვილს, ყველა დაიფაროს, რომ დაუჭრის ვიღაცა და გადარჩა - ბედნიერია ის კაცი. ჩვენი შვილები ვერ გადარჩნენ, იმიტომ რომ ესროლეს თავში და გულში, ნაღდი ტყვიები - ღმერთი და სიმართლეა ჩვენს მხარეს, შედარებებს ვერ მომიყვანთ აქ.
მე მაჩალიკაშვილის შვილის დასაფლავებაზე ვიყავი, რა დაწერა მერე ჩემზე, ნახეთ, წავიდა და 1500 ბიჭი რომ ჰყავს მოკლული, იმის გვერდით დადგა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
მისივე თქმით, სადაც იქნება კონტრაქცია, შვილმოკლული მამები შუაში დადგებიან, რომ წინ აღუდგნენ ძალადობას.
"ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც ვერ გაგვწევს ვერავინ. ამ მოძრაობის დამფუძნებლები არიან გურამ გვირგვლიანი, გოგია ენუქიძე, ვაზაგაშვილის და, მოლაშვილის ძმა და რძალი, არის გამცემლიძე. თუ ვინმემ გურამ გვირგვლიანს და ვაზაგაშვილს ხელს დაარტყამს, ჩვენც დავარტყამთ ხელს და ვერც ერთი პარტია თვალებში არ ჩაგვხედავს. ძალიან კარგად ვიცი, სად იღვრებოდა მეტი სისხლი და სად არა", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს, ახალი ორგანიზაცია "სიცოცხლის გადასარჩენად" დაფუძნდა.