საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატი წერს, გამჭვირვალე და მონაწილეობითმა პროცესმა გააშიშვლა ყველა პრობლემა და მთელ საზოგადოებას დაანახა წარმოდგენილი კანდიდატების შესაძლებლობები.
„დღეს პარლამენტმა უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან გამოწვევას: კენჭი უნდა უყაროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს.
ეს პროცესი მთელი წელია მიმდინარეობს. პარლამენტმა ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამჭვირვალე და სათანადო პროცედურის გარეშე შედგენილი სიის განხილვაზე თქვა უარი. შემდეგ, მიიღო კანონი, რომლითაც კანდიდატების შერჩევის ახალი პროცედურა განსაზღვრა.
იუსტიციის საბჭოში კანონის საფუძველზე ჩატარებული შერჩევის პროცედურა ნამდვილად არ იყო უნაკლო, მაგრამ, საერთო ჯამში, პროცესის საჯაროობასა და საზოგადოებრივ კონტროლს უზრუნველყოფდა. გული მწყდება, რომ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორის, ბუნდოვანი მიზეზებით, ვერ მოხვდა რამდენიმე ღირსეული ადამიანი.
იურიდიულ კომიტეტში კანდიდატურების განხილვის პროცედურა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ამკვიდრებს კანდიდატების შერჩევის სწორ პრეცედენტს. გამჭვირვალე და მონაწილეობითმა პროცესმა, გააშიშვლა ყველა პრობლემა და მთელ საზოგადოებას დაანახა წარმოდგენილი კანდიდატების შესაძლებლობები. მრავალსაათიანი გასაუბრებების შედეგად, ყველამ დაინახა, რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი კანდიდატები იმსახურებენ მხარდაჭერას.
პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ძალიან დიდი შრომა გასწია ამ პროცესში. არ მოვერიდები და გავიმეორებ, რომ კომიტეტმა სწორი პრაქტიკა დანერგა და ეს ნაბიჯი იმსახურებს შექებას! თუმცა, ამ ძალისხმევას ფასი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ შედეგიც პროცესის შესაბამისი დადგება.
ვთხოვ და მოვუწოდებ უმრავლესობის წევრებს, მაღალი პასუხისმგებლობით და კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების, მათი კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილება თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით.
სასამართლოს ისედაც დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა გასული წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიის გამო. კანდიდატების თაობაზე პრინციპული გადაწყვეტილების მიღებით პარლამენტი შეძლებს გარკვეულწილად გამოასწოროს იუსტიციის საბჭოს მიერ დაშვებული შეცდომები და კიდევ ერთი მძიმე დარტყმა აარიდოს სასამართლო ხელისუფლებას.
ვიმედოვნებ, იურიდიული კომიტეტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს წარმოდგენილთაგან მხოლოდ იმ რამდენიმე კანდიდატს, რომლებიც აკმაყოფილებენ უზენაესი სასამართლოს უვადოდ გამწესებული მოსამართლისთვის დადგენილ მაღალ მოთხოვნებს“. - წერს თამარ ხულორდავა.