„ეს ყველაფერი, მახსენებს ბავშვობის სკოლის ანცობას, სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში 12 დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, პარლამენტის დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შედეგად ადამიანების ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე.
„შევესწარი რამდენიმე ადამიანის ცუდად გახდომას, ერთ-ერთს ცოტა ხნის წინ ურთულესი ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული და ახალი გამოსული იყო სამსახურში. ზუსტად ამ ადამიანს გაურთულდა, იყო სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი, ხელების დაბუჟება და რაც მთავარია წნევის პიკის მატება. კაცებმა მაგრები ვართო და არ გავიდნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათაც დაეწყო თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება. ფაქტი, რომ შეფარულად გაკეთდა ეს ყველაფერი, მახსენებს ბავშვობის სკოლის ანცობას, სკოლაში წვავდნენ ხოლმე წიწაკას, რათა გაკვეთილი ჩაშლილიყო, მაგრამ ეს პოლიტიკაში არ შეიძლება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.