logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე
- +

16 დეკემბერი. 2019. 11:01

 

 

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე - „დიასპორის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში“ განაცხადა.

 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

“ჩვენი თანამემამულეები ხშირად სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისევე ახლოს არიან საქართველოსთან, როგორც თითოეული ჩვენგანი - ქართულად ასწავლიან შვილებს, ქართული სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან სტუმრებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში ლოცულობენ. ჩვენ კარგად გვესმის ამ კავშირების მნიშვნელობა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მან დამსწრეებს შეახსენა ისიც, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ვალდებულება ქართულმა სახელმწიფომ აიღო და დიასპორაზე ზრუნვა ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრა.

 

„საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში განსაკუთრებული ადგილი განუსაზღვრა სიტყვა „თანამემამულეს“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ასეთი ჩანაწერი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ დიასპორული ორგანიზაციების აქტიურ მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.  ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს დაგეგმილ  საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნო და განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დიასპორის საკითხებზე ფართო დისკუსიისა და სამუშაო პროცესის აქტიურ მონაწილედ მომავალშიც დარჩება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner