თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების თემით დაიწყო. მან მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამასთან, კალაძის აზრით, ბავშვის გარდაცვალებაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა.
კალაძის განმარტებით, ოჯახი, სკოლა და, ასევე, სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე.
„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში , რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.