საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემთვის ძალიან მძიმეა ადამიანურად ამ საკითხზე კომენტარი. მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი, როგორც დედა ძალიან ვწუხვარ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც დასრულდა მოზარდის სიკვდილით. მინდა, მთელი მთავრობის სახელით ვთქვა, რომ მოზიარენი ვართ ამ ოჯახის ტრაგედიისა. ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან რთულია, რამით ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
„რაც შეეხება გამოძიებას, მოკვლევას აწარმოებს დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას, რაც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით, პასუხი გაეცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ჭეშმარიტება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.