საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში მაღალი რანგის შეხვედრებს აგრძელებს.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული საკითხების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მსჯელობენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, რომელიც დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ გუშინ, თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცებასა და მის მნიშვნელობას ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მიერ თავდაცვის ავტორიზაციის აქტის, დამტკიცება კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას. აქტში ძალიან მკაფიოდ არის გაკეთებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის დამგმობი ჩანაწერები და ხაზგასმით არის აღნიშნული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს ფასდაუდებელ დახმარებას მისი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების - წვრთნის, აღჭურვის და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით“,- აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წევრების წერილსაც.
„კონგრესმენების წერილში იგრძნობა საქართველოს მხარდაჭერის და გულშემატკივრობის სულისკვეთება, რასაც ყველა ძალიან ვაფასებთ. აქვე აუცილებელია ითქვას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად განაპირობებს ვაშინგტონში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდებას. რადიკალური ოპოზიციის მიერ, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის დაზიანების დესტრუქციული ნაბიჯების და მიზანმიმართულ ლი მცდელობის საპასუხოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ინტენსიურ რეჟიმში კომუნიკაციას და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.