logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ საკითხებს, სადაც ფიგურირებენ მცირეწლოვნები
- +

19 დეკემბერი. 2019. 11:14

15 წლის მოსწავლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა დღეს ტვ „პირველის“ სტუდიაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა, რომელიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან ერთდ სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა.

 

მან მიუსამძიმრა ლუკა სირაძის ოჯახს და განაცხადა, რომ ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და ახლა რისი გაკეთებაც შეიძლება, ისაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ დაცული იყოს სხვა ბავშვების სიცოცხლე. მისი თქმით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები საპარლამენტო ზედამხედველობას განახორციელებენ ამ საქმესთან დაკავშირებით:

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ კომპლექსურად შევხედოთ ამ საკითხს, იმიტომ, რომ როდესაც მოზარდში ხდება სუიციდის ფაქტი, ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება. როგორც წესი, ამას ძალიან ბევრი ფაქტორი უსწრებს ხოლმე წინ და შესაბამისად, თუ ჩვენ არ ვართ ძალიან ყურადღებით და ფხიზლად, შეიძლება გამოეპაროს ადამიანს ასეთი ფაქტები და ჩვენ ფაქტობრივად, ამის მოწმეებიც ვართ. იმიტომ, რომ თუნდაც ის, რომ მოზარდმა დახატა სკოლის კედლები, მე ვფიქრობ, ეს უკვე საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული პროფესიონალი ადამიანები მიხვდნენ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში გვაქვს გარკვეულ სტრესთან საქმე და ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მოზარდს მივუდგეთ მაქსიმალურად ჰუმანურად, ბავშვის ფსიქოლოგის მონაწილეობით და ეს პროცედურები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ დაინტერესდნენ როგორ მიმდინარეობს და რას ეყრდნობა გამოძიება. მიიღეს ინფორმაცია გამოკითხული ადამიანებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ:

 

„ჩვენ ამ საქმით დაინტერესებული ვიყავით იმ დღიდან, რა დღიდანაც დაიწყო გამოძიება, იმიტომ, რომ ჩვენთვის პარლამენტში ბავშვთა უფლებებზე მუშაობა წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ამისი ინტერესი. რაც შეეხება კონკრეტულ სიუჟეტებს, სადაც ლაპარაკია, რომ ზეწოლა არ ყოფილა, მე გამოძიების პროცესში ასეთ სიუჟეტებს ნამდვილად არ ვაფასებ დადებითად. იმიტომ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმ საკითხებს, სადაც ფიგურირებენ მცირეწლოვნები. თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამოვიდეთ. ასევე, ამ საქმეშიც გვაინტერესებდა, რამდენად იყო დაცული ის სიკეთეები თუნდაც, რაც ჩვენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის რეფორმის დროს მივიღეთ და ამ მხრივ  ბავშვთა და მოზარდთა უფლებების მაღალი სტანდარტი კანონმდებლობის დონეზე დაიდო, რამდენად ხდება ამ სტანდარტების იმპლემენტაცია პრაქტიკაში, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო იყო“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

ჟურნალისტმა დეპუტატს კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, ფიგურირებდა საქმეში, რომელზეც სტრასბურგს აქვს გადაწყვეტილება გამოტანილი და რომელსაც საზოგადოება იცნობს ე.წ. ყინწვისის საქმედ. რამდენად მისაღებია იმ ადამიანების ისევ იმ სისტემაში მუშაობა, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ ამ საქმესთან. დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ საქმესაც აუცილებლად ჩაყვებიან და ესეც იქნება განხილვის ინტერესის სფერო.

 

მან ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით ასევე განაცხადა, რომ გარკვეული პროცედურული დარღვევები იკვეთება, მაგალითად ის, რომ საგამოძიებო უწყებაში მოზარდის ყოფნა ლიმიტით გათვალისწინებულია 4 საათით და აქაც გადაცდენასთან გვაქვს საქმე, რაც საბოლოოდ ძალიან ცუდ სურათთან იკვრება:

 

„გარკვეული კითხვები ნამდვილად გაჩნდა სკოლის ეტაპზეც, და იცით თქვენ, რომ ასევე სხვა მოზარდმაც მიიყენა თვითდაზიანებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ყურადღებით ვიყოთ. ასევე, კიდევ ერთი, რასაც მინდა გავუსვა ხაზი და ვალდებული ვარ, რომ დღეს თქვენს ეთერში ამაზეც ვილაპარაკო, ჩემთვის მაგალითად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო, როდესაც სკოლის მისასვლელ გზაზე, სკოლის ჭიშკარზე, კედლებზე, გარკვეულმა აქტივისტებმა დღეს წარწერები გააკეთეს (არც მინდა იმ ფრაზების გამეორება), იმიტომ, რომ როდესაც ასეთ რაღაცებს ვაკეთებთ, უნდა ესმოდეს თითოეულ მოქალაქეს, რას ვეუბნებით, რას ვუგზავნით იმ მოზარდებს, რომელთაც ახლა ისედაც ემოციურად ძალიან მძიმე ფონი აქვთ. იმიტომ რომ მათ დაკარგეს მეგობარი, თანატოლი და ისინი დღეს საჭიროებენ ჩვენგან მაქსიმალურად ყურადღებასა და მზრუნველობას. და როცა დამატებით სტრესის საშუალებას ვუქმნით, ეს არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ეს არის ისეთი საქმე, სადაც თითოეულ ჩვენგანს გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ ბავშვთა უფლებებზე ძვირფასი ჩვენთვის არაფერი არ არის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner