„როდესაც დახურულ სივრცეში ისვრიან, ენერგია უკვალოდ არ იკარგება და შესაძლოა, საბედისწეროც აღმოჩნდეს“, - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ერთი შეხედვით, რაც უნდა უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს ასაფეთქებელი, თავის მუხტს და ენერგიას მაინც შეიცავს. როდესაც მისი ღია სივრცეში გასროლა ხდება, ნაკლებად სახიფათოა, მაგრამ, როდესაც დახურულ სივრცეში ისვრიან, ენერგია უკვალოდ არ იკარგება და შესაძლოა, საბედისწეროც აღმოჩნდეს.
ელემენტარული შუშხუნა, რომელსაც დღესასწაულზე მშობლები ბავშვებს აჭერინებენ ხელში, თითქოს, უსაფრთხოა, მაგრამ სინამდვილეში მასაც შეუძლია ზიანის მოყენება. გახურებისას მისი ტემპერატურა ძალიან მაღალია, ფაქტობრივად, ფოლადის დნობის ტემპერატურას უტოლდება. შემთხვევით მისი სახეზე ან ქუთუთოზე მიდება საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოქმნის“, - აღნიშნავს გუგა ქაშიბაძე.